"ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისას მიღებული სისხლჩაქცევები აქვს", - ამბობს "ნოვაია გაზეტას" წყარო

სალეხარდი, რუსეთი.

გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია.

ადგილობრივი სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მორგს პოლიცია იცავს. ექიმის თქმით, მისმა კოლეგებმა ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს.

„ასეთი დაზიანებები ხდება კრუნჩხვის დროს, - იშველიებს გამოცემა ექიმის სიტყვებს, როდესაც ადამიანს კრუნჩხვა აქვს, ცდილობენ შეკავებას - სისხლჩაქცევაც ამ დროს შეიძლება გაჩენილიყო“.

ექიმის ნიფორმაციით, მისმა კოლეგებმა ნავალნის მკერდზე სავარაუდოდ, გულის მასაჟის კვალიც ნახეს.

"ანუ მაინც სცადეს მისი გადარჩენა, თუმცა ვერ შეძლეს. ის გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის გაჩერებით, მაგრამ რატომ მოხდა ეს გაჩერება, ჯერ არავინ არაფერს ამბობს", - ასკვნის წყარო.

„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ცნობით, ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩასტარებია - სავარაუდოდ, ადგილობრივი ექიმები მოსკოვიდან სპეციალისტების ჩამოსვლას ელოდებიან.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიღებამდე კი გარდაცვლილის ცხედრის ნათესავებისთვის გადაცემა შეუძლებელია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნის დედა ლუდმილა და მისი ადვოკატი მივიდნენ სალეხარდის მორგში, მაგრამ ის დაკეტილი დახვდათ. მათ სატელეფონო საუბრისას უთხრეს, რომ ნავალნის ცხედარი იქ არ იყო.

რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის კოლონიაში მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ 16 თებერვალს განაცხადა.

ნავალნის თანამოაზრეები მის სიკვდილს მკვლელობას უწოდებენ. რუსეთის ქალაქებში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ოპოზიციონერის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები დაიწყო.

პარასკევს და შაბათს რუსეთში ამ აქციების დროს 400-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობა პეტერბურგშია. სასამართლომ აქტივისტებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა სხვადასხვა მუხლით დაიწყო.

ასევე ნახეთ ნავალნი, ნემცოვი, ბერეზოვსკი, პოლიტკოვსკაია... პუტინის კრიტიკოსები, რომლებიც მოკლეს ან გარდაიცვალნენ საეჭვო ვითარებაში

დასავლეთის არაერთმა პოლიტკოსმა გარდა სამძიმრის გამოთქმისა, ოპოზიციონერის გარდაცვალებაში რუსეთის ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა. ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ნავალნი ჯერ მოწამლეს, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით, შემდეგ კი რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ოპოზიციური საქმიანობის გამო ის დააპატიმრეს.

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მოსკოვს მოუწოდეს, საფუძვლიანად გამოიძიოს და გაასაჯაროოს პოლიტიკოსის გარდაცვალების გარემოებები.