უკრაინული ჯარების ჯგუფის „ტავრიის“ მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა დატოვა.
„იმ სიტუაციაში, როდესაც მტერი იერიშზეა გადმოსული საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებზე ათი-ერთთან მეტი ჭურვით, მუდმივი დაბომბვის პირობებში, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“, - წერს ტარნავსკი.
ჯარები გაიყვანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის ბრძანებით, „ქალაქიდან უკრაინული შენაერთების გაყვანისა და უფრო ხელსაყრელი პორზიციებიდან თავდაცვაზე გადასვლის შესახებ“ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ალყის თავიდან აცილების და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით“. „ჩვენ ვიღებთ ზომებს სიტუაციის გასამყარებლად და პოზიციების შესანარჩუნებლად. სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა“, - თქვა სირსკიმ და ავდეევკის დაბრუნების პირობა დადო.
ტარნავსკის თქმით, დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსების ოცდაათზე მეტი თავდასხმა, რუსულმა არმიამ განახორციელა ოცი საჰაერო იერიში და 150-ზე მეტი საარტილერიო დაბომბვა, რამაც ასევე დააზიანა ავდეევკის რაიონში დასახლებული ადგილები.
უკან დახევის დროს რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ანალოგიურ მონაცემებს არ ავრცელებს. მანამდე, პარასკევს, 16 თებერვალს, ბლოგერებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ სიტუაციას, გამოაქვეყნეს კადრები, სადაც რუსი ჯარისკაცები თავიანთი ქვედანაყოფის დროშას აღმართავდნენ, სავარაუდოდ, ავდეევკის ცენტრში მდებარე ქალაქის პარკში.
ასევე ნახეთ ავდეევკის ხელში ჩაგდების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა მინიმუმ 400 ტანკი და სხვა აღჭურვილობა: ბრიტანეთის დაზვერვა