რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს

ფოტო არქივიდან: ტურისტები აფხაზეთში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამ გაფრთხილების მიზეზი გახდა, აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთიდან ჩასული ტურისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებულ კაცს, სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

"აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას ავლენს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ...

ცხადია, ეს ქმნის რისკებს აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად ჩამოსული უცხოელი სტუმრების დიდი რაოდენობის უსაფრთხოებისთვის, რის შესახებაც ჩვენ იძულებულნი ვართ გავაფრთხილოთ ჩვენი თანამემამულეები", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ედგარ აბუხბა აფხაზეთში 2019 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს - მას ბრალად ედებოდა რუსი ტურისტის გაუპატიურება და ძარცვა. მას 2021 წელს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კი განმარტა, რომ პირს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანმა, არ შეიძლება მიესაჯა 10 წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ედგარ აბუხბა თავისუფალია.