ავდეევკის ხელში ჩაგდების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა მინიმუმ 400 ტანკი და სხვა აღჭურვილობა: ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გაანადგურებული რუსული ტანკი. ხარკოვის რეგიონი, 2023 წლის 22 თებერვალი

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ავდეევკის ხელში ჩაგდების მცდელობისას რუსეთმა სულ მცირე 400 ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ავდეევკა დონბასში ფრონტის ხაზზე 2014 წლიდან იმყოფება. ქალაქის ხელში ჩაგდების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა მინიმუმ 400 ტანკი, ქვეითი საბრძოლო მანქანა და სხვა აღჭურვილობა, ასევე ალბათ ათასობით ადამიანი", - ნათქვამია მოხსენებაში.
ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები აგრძელებენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ავდეევკაზე, რომლის ხელში ჩაგდებას 2023 წლის ოქტომბრიდან ცდილობენ. ბრიტანელი სამხედროების შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ "ქალაქის სეგმენტში ეტაპობრივ, სტაბილურ პროგრესს" მიაღწია, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები საპასუხოდ საკუთარ პოზიციებს აძლიერებენ.

ავდეევკაში, რომელიც უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარეობს და რომელზეც იერიში მიაქვთ რუსეთის ჯარებს, შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, რომელიც საფრთხეს შეიცავს, რომ ქალაქი შეიძლება რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს, რისი მიზეზი დიდწილად ტყვია-წამლის უქონლობაა. ამის შესახებ ვაშინგტონში ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

უფრო ადრე The Washington Post-ი იტყობინებოდა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით, რომ უკრაინის არმიამ დაიწყო ჯარების ნაწილობრივი გაყვანა. გამოცემის თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ავდეევკის დაკარგვა „დროის საკითხია“. უკრაინის ჯარების მთავარი საყრდენი ქალაქში შეიძლება დარჩეს ქიმიური ქარხანა.

ასევე ნახეთ

კირბი: ავდეევკა მალე შეიძლება გადავიდეს რუსების ხელში


პრორუსული არხების თანახმად, უკრაინის ჯარებმა დაკარგეს კონტროლი ქალაქში არაერთ პოზიციაზე.

16 თებერვალს, დღის ბოლო უკრაინის ოპერატიული და სტრატეგიული ჯარების ჯგუფ „ტავრიის“ მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა, რომ 16 თებერვლის 21:00 საათიდან ავდეევკაში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსული იერიშების გამო ავდეევკის კოქსის ქარხანა ცეცხლშია გახვეული. რუსეთი მასირებული საავიაციო და საარტილერიო ცეცხლით ანადგურებს ქალაქში მდებარე ყველა შენობას.

„განადგურებული პოზიციებიდან უკრაინელი ჯარისკაცები მანევრირებენ და თავდაცვის ახალ ხაზებზე მაგრდებიან. ხაზს ვუსვამ, რომ პრიორიტეტია ჩვენი მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენა. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ახალ პოზიციებზე გადადიან. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს, ჩვენი რამდენიმე მებრძოლი ტყვედ ჩავარდა. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ძმის განთავისუფლებისთვის“, - მოჰყავს ტარნავსკის სიტყვები „უკრაინსკა პრავდას“.

რუსეთის არმიამ 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო მასიური შეტევა ქალაქ ავდეევკაზე, რომელიც უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშ იმყოფება. მთელი რეგიონის დაპყრობა ერთ-ერთი მიზანია, რომელიც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ვლადიმირ პუტინმა ხელქვეითებს დაუსახა.