დღეს, 16 თებერვალს, მან შიმშილობა შეწყვიტა - გურწიევი ახალ პოსტზე მაინც დანიშნეს. ის ახალგორის რაიონის დე ფაქტო პროკურორის თანაშემწე გახდა და, ამავე დროს, მასვე დაევალა საოლქო პროკურორის მოვალეობის შესრულებაც.
შიმშილობის ოთხი დღის განმავლობაში, თამარ მეარაყიშვილი ფეისბუკის ლაივში თითქმის ყოველდღე ლაპარაკობდა იმაზე, თუ რატომ არ უნდა დაენიშნათ დავით გურწიევი ამ თანამდებობაზე. დე ფაქტო ხელისუფლებიდან მას არავინ გამოხმაურებია, თუმცა მისი პროტესტის შესახებ იცოდნენ.
„მათ არაფერი ჰქონდათ სათქმელი. როცა ორშაბათს, დე ფაქტო პარლამენტში გენპროკურორი დაიბარეს და ჰკითხეს, რა პროფესიული თუ გამორჩეული ადამიანური თვისებების გამო ინიშნებოდა გურწიევი ამ თანამდეობაზე, მან მხოლოდ ის თქვა, რომ მას „სახლი აქვს ახალგორში“.
Your browser doesn’t support HTML5
თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან მალე იხილავს რეპუტაციულ ზიანს დავით გურწიევის დანიშვნით:
„ეს ადამიანი არ დამშვიდდება. ის ინსტინქტებით და სხვების კარნახით მოქმედებს. ასეთი კადრი, რომელიც პირადი გრძნობების მიხედვით წყვეტს, ვის რა წაართვას და ვის რა დაუშავოს, ხელისუფლებას არ გამოადგება“, - გვეუბნება თამარ მეარაყიშვილი.
ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი აპირებს, უახლოეს დღეებში მიმართოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას, ასევე დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევსა და პარლამენტს, რომ თამარ მეარაყიშვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეზე, გურწიევს ჰქონდეს აცილება.
„ამ ადამიანმა ჩემთან სასამართლო წააგო, პროკურატურამ კი აღიარა, რომ ეს, ჩემ მიმართ უკანონო დევნა იყო“.
თამარ მეარაყიშვილი ასევე ამბობს, რომ დავით გურწიევის დანიშვნას აქტიურად უჭერდა მხარს ახალგორის რაიონის დეპუტატი ზაზა დრიაევიც, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისევ აპირებს მეორე ვადით კენჭისყრას.
„სავარაუდოდ, სწორედ ზაზა დრიაევმა დაარწმუნა პრეზიდენტი, რომ გურწიევი მათ დიდ დახმარებას გაუწევდა საარჩევნო კამპანიაში“, - გვეუბნება თამარ მეარაყიშვილი.
დავით გურწიევს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილეობის გამო, დაუსწრებლად აქვს მისჯილი სამუდამო პატიმრობა მცხეთის სასამართლოს მიერ. გურწიევი ხელმძღვანელობდა 2019 წელს, პატიმართა მასობრივ წამებას ცხინვალის ციხეში.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, ამ საკადრო გადაწყვეტილებამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებშიც გამოიწვია აღშფოთება. დე ფაქტო გენერალურ პროკურორს, გრიგორი სობაევს პარლამენტში ამ საეჭვო საკადრო გადაწყვეტილების ახსნა მოსთხოვეს - სკანდალის თავიდან არიდების მიზნით, გურწიევი ჯერ საოლქო პროკურორის თანაშემწედ დანიშნეს, მაგრამ თავად პროკურორის არყოფნის გამო (ალან კულუმბეგოვი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა, გადაიყვანეს ცხინვალში), მის მოვალეობასაც გურწიევი ასრულებს.
ამ პოსტზე დანიშვნამდე დავით გურწიევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის განყოფილებაში პროკურორად მუშაობდა გამოძიებაზე ზედამხედველობის განყოფილებაში.
ქართული მხარის მოთხოვნით, ალან გაგლოევის ეს საკადრო გადაწყვეტილება, 13 თებერვლის ერგნეთის შეხვედრაზეც განიხილეს. სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით შეშფოთებულია ახალგორის ადგილობრივი ქართული მოსახლეობა:
„ეს პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავეა, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის. ვიმედოვნებ, რომ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას არ შეექმნება არანაირი საფრთხე“, - განაცხადა ანთაძემ.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, პროკურატურაში დავით გურწიევის თხუთმეტწლიანი კარიერის განმავლობაში მას სასამართლოში არცერთი საქმე არ მოუგია. მის სახელს ერთი წარმატებული გამოძიებაც კი არ უკავშირდება. სამაგიეროდ, არაერთი უკანონო სისხლის სამართლის საქმის გახსენება შეიძლება, რომელშიც ის მონაწილეობდა პირადი მოტივებით. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაც ერთ-ერთი ასეთი საქმეა.
ასევე ნახეთ დაისჯებიან თუ არა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის მონაწილეებიმანვე გაათავისუფლა თავის დროზე ბავშვთა შემოქმედებითი სახლის დირექტორობიდან თამარ მეარაყიშვილი და მის ადგილზე თავისი ნათესავი დანიშნა.
შემდეგ კი, 2017 წელს, გურწიევის მონაწილეობით თამარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეც აღიძრა. მეარაყიშვილს პროკურატურა ედავებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამებასა და ყალბი დოკუმენტებით სამხრეთ ოსეთის პასპორტის მიღებას.
2017 წელს აღძრული საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო დაიხურა და მეარაყიშვილი გამართლდა. თამარი აპირებს სასამართლოს გზით მოითხოვოს რეაბილიტაცია - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება და, გარდა ამისა, როგორც ჩვენთან ინტერვიუშიც აღნიშნავს, მას უფლება აქვს მოითხოვოს გურწიევის თანამდებობიდან გათავისუფლებაც.
ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს, ახალგორის ერთ-ერთ ქუჩაზე, თამარ მეარაყიშვილი ადგილობრივმა ქალმა გააჩერა და უთხრა, გვეგონა, გურწიევი თავიდან გვყავდა მოშორებული და ახლა ყველაფერი უკან ბრუნდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, 2008 წელს უფრო მეტი მშვიდობა იყო, ვიდრე დღეს, 15 წლის მერეო.
„ამ რაიონში ყოველდღიურად ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი ხდება. ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან, არ გვაქვს ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება. არავინ ვითარდება. მხოლოდ მუდმივი სტრესია. აქ მხოლოდ ღამდება და თენდება“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
დავით გურწიევის პოსტზე დანიშვნას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან არჩილ ტატუნაშვილის ნათესავები და ახალგორიდან დაბა წეროვანში დევნილი ადამიანები. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ახალგორის ლეგიტიმურმა გამგებელმა, გელა შერმადინმა უთხრა.
„მაგ პიროვნებას ყველა კარგად იცნობს, მისი სისასტიკე ყველასთვის ცნობილია და მისი პროკურორად დანიშვნის საკითხი ყველასთვის მიუღებელია“, - უთხრა გელა შერმადინმა რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ "არ მივცემ უფლებას, უცხოეთის აგენტად ჩამწერონ" - აფხაზეთში რუსულ კანონს იღებენ