შარშან საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა 2021 წელთან შედარებით მაინც გაზრდილია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება უმთავრესად ფულადი გზავნილების შემცირებამ გამოიწვია.
შარშან ჯამში რუსეთიდან 1.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 26%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წლის მაჩვენებელს 3.7-ჯერ აღემატება. ფულადი გზავნილების ასეთი ზრდა რუსი მიგრანტების საქართველოში შემოსვლამ გამოწვია.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა.
ასევე ნახეთ შარშან საქართველოს რუსეთში დენი არ უყიდია - ეს გამონაკლისია თუ ტენდენცია?ამის მაგალითად, TI-ის 2006 წელი მოჰყავს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ კი პროდუქციის ექსპორტი აკრძალა.
რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 11 552 კომპანია დაარეგისტრირეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჯამში 26 339 კომპანიაა რეგისტრირებული, თუმცა რეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. TI-ის შეფასებით, კომპანიების რეგისტრაცია მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესსაქმიანობისთვის გადმოვიდა.
ტურიზმი და ფულადი გზავნილები
ანგარიშის მიხედვით, „კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. 2022 წელს პანდემიის დასრულების და ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან რუსეთიდან 1.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია. 2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, შარშან კი 20.1%.
რაც შეეხება მათ მიერ დახარჯულ თანხას, 2023 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში 938 მლნ დოლარი დახარჯეს, 5.3%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით. ტურიზმისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორების წილი 2022 წელს 25.3% იყო, 2023 წელს კი 22.8%-მდე შემცირდა.
ასევე ნახეთ რუსი მიგრანტების ეფექტი მიილია, თბილისში კი ბინები ისევ ძვირდება - რატომ?პირდაპირი ინვესტიციები
2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელია, აღნიშნულია ანგარიშში. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 67 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია.
ვაჭრობა რუსეთთან
შარშან საქართველომ რუსეთში ექსპორტი 657 მლნ დოლარამდე გაზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 10.8% იყო. რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავ ღვინო გამოირჩევა, რომლის მთლიანის ექსპორტის 65% რუსეთზე მოდის, ეს 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება იმპორტს, TI-ს მიხედვით, რუსეთიდან იმპორტი 5%-ით 1.7 მლრდ დოლარამდე შემცირდა. შარშან რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა, მაგრამ 2021 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი მაინც 4-ჯერ არის გაზრდილი. შარშან წინა წელთან შედარებით ასევე შემცირდა ხორბლის და ფქვილის იმპორტი, თუმცა გაიზარდა რუსეთიდან გაზის შესყიდვა 15%-ით და რუსული გაზის წილმა ქვეყნის შიდა მოხმარებაში 20% შეადგინა.
ასევე ნახეთ რუსული გაზი არც ისე ძვირია, მაგრამ საშიშია - საქართველო კი იმპორტს ისევ ზრდის"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდაში საფრთხეს ხედავს და მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
- რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება;
- რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს.
ასევე ნახეთ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში - ვინ დარჩა მოგებული, თბილისი, მოსკოვი თუ "ჯორჯიან ეარვეისი"?