სააპელაციომ გირაო პატიმრობით შეუფარდა შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს

ბრალდებულს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ხანდაზმულ კაცს, რომელიც ბრალდებულია შშმ ქალის გაუპატიურებაში. ამით საპელაციო ინსტანციაში გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 50 ათასლარიანი გირაოს შეფარდებაზე.

80 წლამდე კაცისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში საქართველოს პროკურატურა ითხოვდა. უწყებამ კაცს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება).

ბრალდებულს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ინფორმაციით, მან დანაშაული ჩაიდინა 7 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.