თორნიკე მამალაძე: დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან გამოუშვეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე იყო მსჯავრდებული 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ამის შესახებ ფეისბუქზე წერს მისი ძმა, თორნიკე მამალაძე.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მისი ძმა უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. მისივე თქმით, მომდევნო დღეებში საზოგადოებას მათ გეგმებს გააცნობენ, პირველ რიგში კი, ოჯახისთვის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა პრიორიტეტული:

"მთავარი, პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რათა ფეხზე დავაყენოთ, 5 წელია პარალიზებულია. შემდეგ, უკვე ეტაპობრივად ცნობილი იქნება ყველასთვის, დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას, ჩვენთვის სხვა არაფერია ამაზე მნიშვნელოვანი".

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარემ პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს, უდოს კომისიას 2023 წლის ნოემბერში მიმართა. მამალაძის ერთ-ერთი იურისტი ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან" ქეთი ჩუთლაშვილი "ტვ პირველთან" საუბარში ამბობს, რომ საბჭომ პირველ ეტაპზე არ მიიღო გადაწყვეტილება და საქმის განხილვა სამი თვით გაახანგრძლივა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა.

მოგვიანებით უდოს კომისიით მამალაძის გათავისუფლება რადიო თავისუფლებას დაუდასტურა იუსტიციის სამინისტრომ, რომელსაც ექვემდებარება პენიტენციური სამსახური.

ასევე ნახეთ თორნიკე მამალაძე: მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან
ასევე ნახეთ განიხილავენ "ციანიდის საქმეს" ხელახლა? - როგორ წაიკითხა სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ასევე ნახეთ დეკანოზის არშეწყალების ამბავი და გაგრძელება

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.