სოხუმს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიჭვინთის აგარაკის გამო ნოტა გაუგზავნა

საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დროშა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ნოტა მიიღო ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთაში მდებარე ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზას ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ გაავრცელა.

„არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც კრძალავს სახელმწიფო აგარაკის მესამე პირებზე გადაცემას, ვიღაც ძალიან კონკრეტულს არ აწყობს. მაგრამ საქმე ეს კი არ არის, არამედ ის , რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. ეს ინფორმაცია არ არის არც ვებსაიტზე და არც ტელეგრამაში“, - წერს ის სოციალურ ქსელში.

ინფორმაცია დაადასტურეს ოპოზიციურმა პარტიებმა „აპსნიმ“ და „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა“ ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებმა „არუაამ“, „აფხაზურმა ეროვნულმა მოძრაობამ და „ჩვენმა დედაქალაქმა“.

„ჩვენს ხელს აღმოჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთავაზობენ პოზიციის ჩამოაყალობებას - დაადასტუროს თავისი რატიფიცირებამდე, შეთანხმებიდან გამომდინარე დებულებების ან მიღებული საკანონმდებლო აქტების მიმართ ერთგულება. ამასთან დაკავშირებით მოვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავი დაანებოს ჩვეულ კულუარულ მუშაობას და გამოაქვეყნოს მითითებული ნოტა. ასევე, საზოგადოების სრული უნდობლობის გამო, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხი წინასწარ შეთანხმდეს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას“, - ნათქვამია ოპოზიციონერების განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს, გამთენიისას მოახდინა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა.

ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

  • 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული ობიექტი ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
  • რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს.
  • რუსეთის მხარეს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
  • დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.
  • მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
  • ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.