უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის დიდი სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ უკრაინული წარმოების ე.წ. დამრტყმელი საზღვაო დრონებით Magura V5 გაანადგურეს. ეს ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს, 14 თებერვალს გაანადგურა თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების დანარჩენ შემადგენლობასთან ურთიერთქმედებით.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მისია წარმატებით შეასრულეს დაზვერვის მთავარი სამმართველოს „ჯგუფი 13“-ის სპეცრაზმელებმა. ოპერაცია დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ალუპკის მახლობლად ჩატარდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც მისი ცნობით, რუსულ გემზე შეტევის ოპერაციას ასახავს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონებით დარტყმის შედეგად გაიხვრიტა გემის მარცხენა ბორტი და „ცეზარ კუნიკოვმა“ ჩაძირვა დაიწყო. დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, „ოკუპანტების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია წარუმატებელი იყო".
უკრაინის სამხედრო დაზვერვა სიმბოლურს უწოდებს, რომ რუსი ოფიცერი ცეზარ კუნიკოვი, რომლის სახელსაც გემი ატარებს, ზუსტად 81 წლის წინ, 14 თებერვალს მოკლეს.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა რუსული სადესანტო გემის „ცეზარ კუნიკოვის" განადგურებარუსეთს გემის ჩაძირვის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. დილით თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე 6 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მქონე მედესანტის, ცეზარ კუნიკოვის სახელობის ხომალდი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემია, 87-წევრიანი ეკიპაჟით. 2008 წლის აგვისტოში ეს გემი მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. 2015 წელს რუსეთი „ცეზარ კუნიკოვს“ იყენებდა სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდამჭერი ოპერაციისთვის.
2022 წლის 24 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ შეტევის შედეგად აზოვის ზღვაში, ქალაქ ბერდიანსკის პორტში გაანადგურეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი „სარატოვი" და დააზიანეს კიდევ 2 - „ცეზარ კუნიკოვი“ და „ნოვოჩერკასკი“.