უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფებთან ერთად გაანადგურეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“. ამის შესახებ დღეს, 14 თებერვალს განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
მანამდე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ამ გემის ჩაძირვის შესახებ უკრაინის მედიასაშუალებები იუწყებოდნენ.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმის მომენტში გემი „ცეზარ კუნიკოვი“ უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ალუპკის მახლობლად იმყოფებოდა. საპორტო ქალაქი ალუპკა რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში მდებარეობს.
დღეს დილით, უკრაინულმა მედიასაშუალებებმა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში, დრონებით დარტყმის შედეგად ჩაძირეს რუსეთის სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“.
რუსეთს გემის ჩაძირვის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. დილით თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე 6 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მქონე მედესანტის, ცეზარ კუნიკოვის სახელობის ხომალდი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემია. 2008 წლის აგვისტოში ეს გემი მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. 2015 წელს რუსეთი „ცეზარ კუნიკოვს“ იყენებდა სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდამჭერი ოპერაციისთვის.
2022 წლის 24 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ შეტევის შედეგად აზოვის ზღვაში, ქალაქ ბერდიანსკის პორტში გაანადგურეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი „სარატოვი" და დააზიანეს კიდევ 2 - „ცეზარ კუნიკოვი“ და „ნოვოჩერკასკი“.
ასევე ნახეთ როდის და რამდენი სამხედრო გემი დაკარგა რუსეთმა უკრაინასთან ომში?