პუტინმა კვლავ უარი თქვა საარჩევნო დებატებში მონაწილეობაზე

პუტინს არც ერთხელ არ მიუღია მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში

რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმიერ პუტინმა, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს, კვლავ უარი თქვა საარჩევნო დებატებში მონაწილეობაზე. მას არასოდეს მიუღია მონაწილეობა მათში.

პუტინის საარჩევნო შტაბმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად კანდიდატი უარს ამბობს სპეციალურად დებატებისთვის კანონით განსაზღვრულ, უფასო ტელე და რადიო ეთერით სარგებლობაზე.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პუტინის მხრიდან დისკუსიაზე თავის არიდება "დატვირთული გრაფიკით" გაამართლა, რაც, პესკოვის თანახმად, "რადიკალურად განასხვავებს" პუტინს სხვა კანდიდატებისგან.

პუტინს არასდროს მიუღია მონაწილეობა საარჩევნო დებატებში, რასაც სხვადასხვა საბაბით არიდებდა თავს. სხვადასხვა დროს პუტინი დებატებს უწოდებდა "უსინდისო ბიზნესს", უინტერესო და უაზრო საქმეს, ხოლო პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინს დებატებისთვის სჭირდება შვებულება და კიდევ კონკურენტი, რომელიც "ჯერ არ მომწიფებულა.

2024 წელს რუსეთის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები არიან ვლადისლავ დავანკოვი ("ახალი ხალხი"), ლეონიდ სლუცკი (ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია) და ნიკოლაი ხარიტონოვი (რუსეთის კომუნისტური პარტია) - 19 თებერვლიდან მოყოლებული ხუთ ფედერალურ სახელმწიფო არხზე და სამ რადიოსადგურზე გაცვლიან საკუთარ მოსაზრებებს.