კატისა და ძაღლის ყოლისა და მიკედლების წესები გამკაცრდება - რა უნდა იცოდეთ?

"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა. მის მისაღებად საჭიროა განხილვების დაწყება და შემდეგ კენჭისყრა.

ქვეყანაში ძაღლისა და კატის ყოლისა და მიკედლების წესები გამკაცრდება - კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 2023 წლის 27 დეკემბერს დაარეგისტრირეს. 

ვისზე გავრცელდება კანონი?

კანონი გავრცელდება ნებისმიერ კატასა და ძაღლზე, იმის მიუხედავად, ჰყავს თუ არა პატრონი ან მიმკედლებელი.

"შინაური ცხოველის" სტანდარტული განმარტებისგან განსხვავებით, ამ კანონისთვის ამ სიტყვას სპეციფიკური შინაარსი აქვს. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ისეთი შინაური ცხოველი, რომელიც გამოიყენება საკვების (ხორცის, რძის, კვერცხის და ა.შ.), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად.

რა ვალდებულება ექნებათ შინაური ცხოველების პატრონებს?

აუცილებელია იზრუნონ შინაური ცხოველის კეთილდღეობაზე, დაარეგისტრირონ და ჩაუტარონ საჭირო აცრები.

გარდა ამისა:

  • აანაზღაურონ მისი ცხოველის მიერ სხვა ადამიანისთვის მიყენებული ზიანი;
  • არ დაუშვან ე.წ. მეტისის გამრავლება - ჩაუტარონ სტერილიზაცია/კასტრაცია;
  • ცხოველის დაკარგვის ან სიკვდილის შემთხვევაში აცნობონ მუნიციპალიტეტს;
  • კატის ან ძაღლის ავადობის შემთხვევაში გადაიყვანოს ვეტერინარულ კლინიკაში.

კიდევ რა შეზღუდვები აქვს მეპატრონეს?

კანონი ზღუდავს საცხოვრებელი კორპუსების თითოეულ ბინაში სამზე მეტი შინაური ცხოველის ყოლას. მეოთხე და ყოველი შემდეგი შინაურის ყოლისთვის საჭიროა მეზობლების უმრავლესობის თანხმობა. გამონაკლისია 2 თვემდე კნუტებისა და ლეკვების ყოლაზე.

გარდა ამისა, 18 წლამდე ადამიანს ეკრძალება ჰყავდეს "მომეტებული რისკის" ჯიშის ძაღლი. პატრონმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს დამატებითი ცნობები შესაბამისი სასწავლო კურსის გავლაზე, ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური ცნობა.

რომელი ჯიშებია "მომეტებული საფრთხის" შემცველი?

კანონპროექტის ავტორებმა დოკუმენტში გამოყვეს ძაღლის 30 ჯიში, რომელიც მიიჩნიეს მომეტებული საფრთხის შემცველად. ამ ჩამონათვალში მოხვდა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი, კანე კორსო, დობერმანი.

გარდა ამისა:

  1. ფილა ბრაზილეირო;
  2. ბულტერიერი;
  3. ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი;
  4. არგენტინული დოგი;
  5. ტოსა ინუ;
  6. ამერიკული ბულდოგი;
  7. კანგალი;
  8. კავკასიური ნაგაზი;
  9. შუააზიური ნაგაზი;
  10. აღმოსავლეთევროპული ნაგაზი;
  11. ბერძნული ნაგაზი;
  12. კრაშის ნაგაზი;
  13. გერმანული ნაგაზი;
  14. რუმინული ნაგაზი;
  15. მასტიფები;
  16. ბორდოული დოგი;
  17. კანარის დოგი;
  18. როტვეილერი;
  19. რიზენშნაუცერი;
  20. ლეონბერგერი;
  21. მარემა;
  22. მოსკოვური საყარაულო;
  23. კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი);
  24. სტაფორდშირ ბულ ტერიერი;
  25. ბანდოგი;
  26. გულდონგი;
  27. მგლის ჰიბრიდები.

"აკრძალულია მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გასეირნება 18 წელს მიუღწეველი პირისთვის, ასევე, საბრძოლო მიზნებისთვის წვრთნა, გარდა საჯარო დაწესებულებების საკუთრებაში არსებული ფუნქციური დანიშნულების ძაღლებისა", - წერია "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტში.

ცხოველებს კუდს და ყურებს ვეღარ დააჭრიან...

კლინიკას ეკრძალება ისეთი ოპერაციების ჩატარება, რომელსაც არ აქვს სამედიცინო დანიშნულება. მაგალითად, ყურებისა და კუდის დაჭრა, სმენის დაქვეითება, ხმის იოგების გადაჭრა და ა.შ.

რა ვალდებულებები უჩნდებათ თავშესაფრებს?

გარდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა, თავშესაფრებში უნდა იყოს ცხოველის განსათავსებელ სივრცეში განათება და შესაბამისი ტემპერატურა.

გარდა ამისა, ვოლიერი უნდა მოეწყოს ისე, რომ ცხოველს შეეძლოს:

  • გადაადგილება;
  • არ შეეზღუდოს სივრცეში ხედვა.

როგორ შეიძლება ცხოველის გამრავლება?

დაურეგისტრირებელ და აუცრელ კნუტს ან ლეკვს ვერ გაყიდის ადამიანი. ცხოველების გამრავლება შეეძლებათ მხოლოდ ავტორიზებულ საშენებს. დაუშვებელია 2 თვემდე ცხოველის დედასთან დაშორება.

ამავდროულად, დაუშვებელია გამრავლება:

  • მეტისების;
  • დაურეგისტრირებელი ცხოველების;
  • გენეტიკური დაავადებებით;
  • წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ.

ვისი პასუხისმგებლობაა "უპატრონო ცხოველების" გამრავლების მართვა?

კანონი პასუხისმგებლობას აკისრებს მუნიციპალიტეტებს. ისინი ვალდებული არიან დაიჭირონ უპატრონო/მიკედლებული ცხოველები, ჩაუტარონ კასტრაცია/სტერილიზაცია, აცრან, დაარეგისტრირონ ბაზებში.

როდის შეიძლება ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაცია?

ძუ ცხოველის სტერილიზაცია დასაშვებია ოთხი თვის ასაკიდან, ხოლო ხვადი ცხოველის კასტრაცია დასაშვებია ერთი წლის ასაკიდან. ამავდროულად, დაუშვებელია ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია რვა წლის ასაკიდან და სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.

რა ითვლება ცხოველის არასათანადო და სასტიკ მოპყრობად?

  • ცხოველის მუდმივად დაბმა;
  • ცემა;
  • ტრანსპორტის განზრახ დაჯახება;
  • ცხოველის ისეთი ფიზიკურად დატვირთვა, რომელიც მის ტანჯვას იწვევს.

სად შეიძლება ცხოველის გასეირნება?

​ძაღლის გასეირნება ღია სივრცეში - ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) შეიძლება მხოლოდ ალიკაპით ან საბელით. გარდა ამისა, კანონი ყოველგვარი დათქმების გარეშე კრძალავს ცხოველის შეყვანას:

  • საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში;
  • სასურსათო მაღაზიებში;
  • აფთიაქებში;
  • საავადმყოფოებში;
  • საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

მეტროთი ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძაღლის გადაყვანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ეკეთება ალიკაპი და საბელი, კატა უნდა იყოს სპეციალურ გადამყვანში.

რა შემთხვევაში შეიძლება ცხოველის ევთანაზია?

ევთანაზიის შემთხვევაში ცხოველმა არ უნდა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ამ სერვისის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ვეტერინარის დასკვნითა და მისი ზედამხედველობით.

ევთანაზია შესაძლებელი იქნება, თუ:

  • ცხოველი აგრესიულია და ვერ ცვლიან მის ამ ქცევას;
  • ცოფით დაინფიცირების ეჭვის შემთხვევაში;
  • ცხოველისა და ადამიანისთვის საშიში დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში;
  • ისეთი ტრავმის შემთხვევაში, რაც შეუთავსებელია სიცოცხლესთან.

და როგორ დაისჯება ადამიანი, თუ ის ცხოველის უფლებებს დაარღვევს?

კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც შინაური ცხოველების პატრონებს, ისე მიმკედლებლებს.

  • ვაქცინაციის ან სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური წესის დარღვევისთვის - 100 ლარი;
  • მომეტებული რისკის ძაღლის არ დარეგისტრირებისთვის - 200 ლარი;
  • თუ მეტისს სტერილიზაცია/კასტრაციას არ ჩაუტარებს - 300 ლარი;
  • თუ ხელს შეუშლის მიკედლებული ცხოველის ვაქცინაციისთვის გადაყვანას - 300 ლარი;
  • თუ შინაური ცხოველი დააზიანებს სხვა ცხოველს ან ადამიანს - 500 ლარი;
  • ცხოველის მიტოვებისთვის - 3000 ლარი (კომპანიების შემთხვევაში - 5000).

გარდა ამისა:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცხოველის შეყვანა - 50 ლარი;
  • ღია სივრცეში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოფნა - 150 ლარი (მომატებული რისკის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარი);
  • რეგულაციის დარღვევით საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა - 150 ლარი (მომატებული რისკის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარი);
  • თვრამეტ თვემდე და ან/და რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება - 200 ლარი (იურიდიული პირის შემთხვევაში - 500 ლარი);
  • ცხოველის გამრავლება ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის ცნობის გარეშე - 500 ლარი (იურიდიული პირის შემთხვევაში - 1000 ლარი);
  • მეტისის გამრავლება - 500 ლარი (იურიდიული პირის შემთხვევაში - 1000 ლარი);
  • საჭირო ლიცენზიის გარეშე ცხოველის გამრავლება - 1000 ლარი (იურიდიული პირის შემთხვევაში - 2000 ლარი);
  • ევთანაზიის წესის დარღვევისთვის - 500 ლარი.

კანონპროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტი სოლიდურ შემოსავალს მიიღებს. ჯამში, დაახლოებით, 5,8 მილიონ ლარზეა საუბარი