ირაკლი კობახიძემ, რომელიც 8 თებერვალს გახდა პრემიერ-მინისტრი, მთავრობის პირველი სხდომა გამართა. მან მადლობა გადაუხადა წინა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეფექტური მუშაობისთვის და საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ახალი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.
"პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს. მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება.
გვაქვს ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი ჩიქოვანი ერთადერთი ახალი კადრია მინისტრთა კაბინეტში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ცვლილების შემდეგ დაინიშნა. მიხეილ ფეიქრიშვილი კი, რომელმაც მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ჩაიბარა, ამ პოსტზე დანიშვნამდე იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
მთავრობის სხდომაზევე ირაკლი კობახიძემ სამძიმარი გამოუცხადა წინა კვირაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ეფექტურად იმოქმედა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საბოლოო ანგარიშის მომზადებამდე, სტიქიის ზონებიდან უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი 296 ოჯახი.
"როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამ, იმოქმედეს ძალიან სწრაფად. მალევე აღდგა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ასეულობით სოფლისთვის, სადაც იყო პრობლემა სტიქიის გამო. ასევე, ძალიან სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები და შესაბამის მონაკვეთებზე აღდგა საავტომობილო მოძრაობა. 400 საცხოვრებელი სახლი იყო დაახლოებით დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში უკვე დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე, შეფასდა ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები" - თქვა ირაკლი კობახიძემ. 10 თებერვალს ის პირადად იმყოფებოდა იმერეთსა და აჭარაში დამეწყრილი დასახლებების სანახავად.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პირველ სხდომაზე ისაუბრა მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და მმართველობის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე.
"ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე ჩვენ, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი. იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით და ზოგადად, გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები, ეს უნდა აიყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი" - თქვა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა - თითქმის სამი წელიწადია არ ქვეყნდება მთავრობის განკარგულებები. მთავრობის ადმინისტრაცია უარს ამბობდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ბოლო განკარგულება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 26 სექტემბრით არის დათარიღებული.
ასევე ნახეთ IDFI: ყველაზე დახურული საჯარო უწყება 2021 წელს კულტურის სამინისტრო იყო8 თებერვალს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.