რუსთავში, "სტამბოლის ბაზარში" მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს

რუსთავი, "სტამბოლის ბაზრის" ტერიტორია, სადაც 9 თებერვალს შეიარაღებულმა ახალგაზრდა კაცმა ოთხი ადამიანი მოკლა

10 თებერვლის დილას სამართალდამცველებმა დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც 9 თებერვალს, რუსთავში, "სტამბოლის ბაზარში" მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ორველაშვილის ძმაა.

როგორც შს სამინისტროდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, მკვლელობის იარაღი, გლუვლულიანი თოფი, სწორედ დაკავებულს, ბრალდებულის ძმას ეკუთვნოდა. მას გამოძიება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

რუსთავის ბაზარში მკვლელობა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 თებერვალს, დღის საათებში მოხდა. ერთ-ერთი გარდაცვლილის შვილმა შემთხვევის ადგილას, მედიასთან თქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ორი თვის წინ შეგნებულად გადაწვა სახლი, პოლიციამ ამის შესახებ იცოდა, თუმცა მის წინააღმდეგ ზომები არ გაუტარებიათ.

"ჩემი ნათლიის ძმისშვილია თავდამსხმელი, გიჟი, რომელმაც 2 თვის წინ ნაქირავებში, 2 თვის წინ დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა, შეგნებულად ესე გააკეთა. [...] პოლიციამ გაიგო ამის შესახებ, დაადგინეს, რომ ეს ვერ იყო ცოტა კარგად და დღემდე, 3 თვეზე მეტია დადის გარეთ", - თქვა მოკლული პირის შვილმა 9 თებერვალს.

გიორგი ორველაშვილს ბრალი ედება 4 ადამიანის მკვლელობასა და ერთი ადამიანის დაჭრაში. ის 9 თებერვალს, შემთხვევის ადგილას დააკავეს.

მოკლულთაგან ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი ახალგაზრდა კი - მისი ბიძაშვილი.