ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რთული ეპიდვითარების გამო სკოლები და ბაღები იხურება

ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სკოლებს და ბაღებს ხურავენ. ამის მიზეზი კი მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს შორის გრიპისა და ვირუსული ინფექციების მაღალი მაჩვენებელი გახდა. საკარანტინო ღონისძიებები ცხინვალის სკოლებში თითქმის ერთი კვირის წინ დაიწყო, როცა ცალკეულ კლასებს ხურავდნენ, კვირის ბოლოს კი ეპიდემიური ვითარება არ გამოსწორებულა და სასწავლო პროცესი უკვე არაერთ სკოლაში შეწყდა.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის, ზოგადი, დამატებითი განათლებისა და ბავშვთა სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვილმა ცხოვრებოვამ საინფორმაციო სააგენტო „რესს“ განუცხადა, სასწავლო პროცესი დღეიდან შეჩერდა სახელოვნებო სახელმწიფო ლიცეუმში, „ექიმების რეკომენდაციით, მოსწავლეებში გრიპის და ვირუსული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების გაზრდის გამო, ლიცეუმი 10-დან 17 თებერვლამდე სრულად დაიხურება“, - განაცხადა ცხოვრებოვამ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. განათლების სამინისტრომ ცხინვალის მე-5 საშუალო სკოლაც სრულად დახურა. მანამდე კი დაიხურა მე-16, მე-11 და მე-20 საბავშვო ბაღები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თითქმის ყველა ბავშვი ავად იყო.

ცხინვალელი ექიმები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ვირუსული ინფექციების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ბავშვებს იმ სკოლებში ნუ გაუშვებენ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუწყვეტიათ სასწავლო პროცესი. გააჩერონ სახლში, ვითარების გაუარესების შემთხვევაში კი მიმართონ ექიმს.