საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე ვიდეოზარის მეშვეობით ჩართვისას განაცხადა, რომ მზადაა არჩევნებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე იყოს.
„მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე ბევრი საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი, აქ წყდება საერთოდ გვექნება თუ არა მომავალი, თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩართვისას.
მანვე აღნიშნა, რომ თვე-თვე-ნახევრის განმავლობაში შეიქმნება „ხმების მცველის სკოლა“, რომელშიც მოქალაქეებს ასწავლიან არჩევნების გაყალბების „სულელური სქემების გამოცნობას და მათ აღკვეთას“.
ასევე ნახეთ როგორ მართავს პატიმარი სააკაშვილი პარტიას და ფეისბუკსმიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება. წინასაარჩევნო კამპანია იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები, აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.