საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხზე პირველი ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს. პარლამენტის სპიკერი კვლავ აქცენტს აკეთებს „მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებზე" და აცხადებს, რომ ისინი უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან.
„აშკარაა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ მდიდარია. ისინი უფრო მდიდრები იქნებოდნენ, ვიდრე უმეტესი პოლიტიკური პარტია, ასეთად რომ დარეგისტრირებულიყვნენ. უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ფულს განაგებს, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია, ერთად აღებული, არასაარჩევნო პერიოდში. თანაც, მთელი ეს ფული უცხოური წყაროებიდან მომდინარეობს", - ვკითხულობთ პაპუაშვილის სტატიაში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებით გააქტიურდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ.
„გარკვეულ მომენტში, პირდაპირ პრეტენზია განაცხადა ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასა და ამ მთავრობის საქმიანობაში მონაწილეობაზე. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, შემჩნეული იყო ხმის პარალელური დათვლის დამახინჯებაში 2020 წლის არჩევნებზე. ზოგიერთ პარადოქსულ შემთხვევაში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ატარებს მათი შემქმნელი პოლიტიკური პარტიის სახელს. ეს პარტიები ორგანიზაციების მიერ აღებულ უცხოურ ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად, ინტერნეტ-გამოცემა „ტაბულა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ განშტოებებია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები „დროა“ და „ხალხისთვის“ პირდაპირ მათი შემქმნელი პარტიების სახელს ატარებს. ეს უცხოური დაფინანსების პოლიტიკურ ჯგუფებზე პირდაპირი პოლიტიკური გავლენის შემთხვევებია, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა", - აცხადებს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გამოწვევების საპასუხოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი. „პირველი ნაბიჯი იქნებოდა ფინანსური გამჭვირვალების გაზრდა და არასამთავრობოების საქმიანობის სრული გასაჯაროება. ჩვენი მხრივ, საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოა გამჭვირვალების თვალსაზრისით, რასაც ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო სუბიექტი ადასტურებს", - შენიშნა მან.
შალვა პაპუაშვილი გამოდის ინიციატივით, არჩევნების წინ გაფორმდეს საჯარო შეთანხმება, რომელიც შეეხება პოლიტიკასთან, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„არჩევნების წინ შეგვიძლია საჯარო შეთანხმება დავდოთ, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსებისა და საქმიანობის სრულ გასაჯაროებას მოახდენდა, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან, ან როგორც დამკვირვებლები, ან არჩევნებთან დაკავშირებული აქტივობის დამფინანსებლები. არასამთავრობოების საქმიანობას მსგავსი ინიციატივა ყველა მხარისათვის უფრო სანდოს გახდიდა და მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგსაც ხელს შეუწყობდა", - აცხადებს პაპუაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება.
- პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
- საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
2023 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდაა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.
ასევე ნახეთ ხუნდაძე: "სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობოების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება" ასევე ნახეთ "ჩვენ მაშინ დემოკრატიის დაცვის საშუალება არ მოგვეცა" - პაპუაშვილი „აგენტების კანონზე“