უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად სახმელეთო ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლექსანდრ სირსკის დანიშვნის შესახებ.
„გენერალ ზალუჟნის მადლობელი ვარ ორწლიანი თავდაცვისთვის. მადლობელი ვარ ყოველი გამარჯვებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ ერთად და უკრაინელი მეომრების წყალობით... გულახდილად ვისაუბრეთ დღეს იმაზე, რომ არმიაში ცვლილებებია საჭირო. სასწრაფო ცვლილებები. გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი დავნიშნე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ათობით საუბარი გამართა სხვადასხვა დონის მეთაურებთან. „კერძოდ, დღეს ვესაუბრე ბრიგადის გენერლებს ანდრი ჰნატოვს, მიხაილო დრაპატის, იჰორ სკიბიუკსა და პოლკოვნიკებს პავლო პალისასა და ვოლოდიმირ სუხარევსკის. ისინი ყველანი განიხილებიან ხელმძღვანელ თანამდებობებზე არმიაში და იმსახურებენ უკრაინის ყველაზე გამოცდილი სარდლის ხელმძღვანელობით“, - მოჰყავს ზელენსკის სიტყვები „უკრაინსკა პრავდას“.
ასევე ნახეთ რას გეგმავს გენერალი ზალუჟნი 2024 წელს და ექნება თუ არა ამის დრო?მანამდე, ხუთშაბათს, ზელენსკიმ თქვა, რომ შეხვდა მთავარსარდლის თანამდებობაზე მყოფ ვალერი ზალუჟნის. შეხვედრის შემდეგ უკრაინის მედია იტყობინებოდა, რომ ზალუჟნი გადადგომას აპირებს, მაგრამ ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა. ზალუჟნის გადადგომის შესახებ პირდაპირ არ უსაუბრიათ არც ზელენსკის, არც თავად გენერალს - ორივემ მხოლოდ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ცვლილებებია მოსალოდნელი.
„შევხვდი გენერალ ზალუჟნის. მადლობა ვუთხარი უკრაინის დაცვის ორი წლისთვის. ვიმსჯელეთ, რა სახის განახლება ესაჭიროება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ასეთი განახლების დრო სწორედ ახლა არის. შევთავაზე ვალერი ფიოდოროვიჩს, მომავალშიც იყოს გუნდში. აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ - ასეთია ზელენსკის განცხადება, რომელიც მის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. პოსტს თან ახლდა ფოტოები, რომლებზეც ზელენსკი და ზალუჟნი ერთმანეთს ხელს ართმევენ.
ვალერი ზალუჟნიმ ზელენსკისთან შეხვედრის კომენტირებისას ასევე მინიშნებებით ისაუბრა, რომ „მიღებულია გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიების შეცვლის აუცილებლობის შესახებ“.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება „უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის აუცილებლობის შესახებ“. უმეროვმა „გულითადი მადლობა გადაუხადა“ ვალერი ზალუჟნის „ყველა მიღწევისა და გამარჯვებისთვის“, მაგრამ გადადგომის შესახებ არც მას უხსენებია რამე.