„უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის გამო ბჟანიას „კონსტიტუციის“ დარღვევაში ადანაშაულებენ

ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „კონსტიტუცია“ დაარღვია დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტში“ „ უცხოეთის აგენტის ფუნქციის შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ“ კანონპროექტის შეტანით. ამის შესახებ ნათქვამია ტელეგრამ-არხ «ОКНО-ზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში (არხი ეკუთვნით „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრს, ლიანა კვარჩელიასა და იურისტს, საიდ გაზერდავას).

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არღვევს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს, თავისუფლებებსა და პრინციპებს. სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, რწმენის თავისუფლებას, გაერთიანების უფლებას; მშვიდობიანი შეკრების, შეხვედრების, მსვლელობისა და დემონსტრაციების გამართვის უფლებას; კანონის წინაშე თანასწორობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპს.

„უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომელიც თანამდებობის პირებს არ აძლევს უფლებას, თვითნებური გადაწყვეტილებები საკანონმდებლო ნორმად აქციონ. ტოტალიტარიზმის და ავტორიტარიზმის ქვეყნების ნიშანია, როცა კანონს აღიქვამთ საზოგადოებისთვის თვითნებურად თავს მოხვეულ „ბრძანებად“. პრეზიდენტი ბჟანია თავისი გადაწყვეტილებებით ხელს უწყობს, რომ ჩინოვნიკების განუკითხაობა სამართალსა და კანონზე მაღლა იდგეს. მეორე მხრივ, მსგავსი შინაარსის კანონპროექტის შეტანა აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში არ შეიძლება, რადგან არ შეესაბამება კონსტიტუციას - არცერთი კანონი, რომელიც აუქმებს ან აკნინებს ადამიანის თავისუფლებას, არ შეიძლება მიღებული იყოს და გამოიცეს აფხაზეთის რესპუბლიკაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ თავისი მოქმედებით ბჟანია არღვევს „მის მიმართ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას“.

„ასლან ბჟანია აფხაზეთის უახლეს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც რეპრესიული მექანიზმების რეანიმირებას ცდილობს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორთა მოსაზრებით, "კონსტიტუციის 64-ე“ მუხლის თანახმად, პრეზიდენტის ფიცის, კონსტიტუციისა და კანონის დარღვევისთვის "ის შეიძლება თანამდებობიდან იქნეს გადაყენებული“.

  • „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ აფხაზური კანონპროექტით, უცხოეთის აგენტად შეიძლება გამოცხადდნენ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები. „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, უცხოეთის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები შესაძლოა გამოცხადდნენ უცხოეთის აგენტის ფუნქციის შემსრულებელ ფიზიკურ პირებად, თუ ისინი იღებენ ფინანსურ სახსრებს და/ან ქონებას უცხოური წყაროებიდან“, - ნათქვამია დოკუმენტში.
  • უცხოურ წყაროებად ცხადდება: უცხოური სახელმწიფოები, სახელმწიფო ორგანოები, უცხო სახელმწიფოების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათი სტრუქტურული დანაყოფები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, უცხოური სტრუქტურები, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიული პირებს.
  • ამასთან, თანხების მიღება იმ სახელმწიფოებიდან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია - რედ.) არ გახდება საფუძველი "უცხოეთისა აგენტის" სტატუსის მისანიჭებლად.
  • კანონპროექტში ნათქვამია, რომ პირმა, რომელიც აპირებს „უცხოური აგენტის“ ფუნქციების შესრულებას, „ უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირის სტატუსის მინიჭების საფუძვლების დაწყებამდე“ აუცილებლად უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს ფიზიკურ პირთა რეესტრში შესატანად.
  • „უცხოეთის აგენტების“ მიერ წარმოებულ და/ან გავრცელებულ მასალებს თან უნდა ახლდეს მითითება, რომ ისინი „მომზადდა, გავრცელდა და/ან გაიგზავნა უცხოელი აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ ან დაკავშირებულია ასეთი პირის საქმიანობასთან.”
  • არაკომერციული ორგანიზაციებისა და "უცხოური აგენტის" ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივ და სხვა სახის პასუხისმგებლობას დადგენილი წესით, ნათქვამია დოკუმენტში.