აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 92,05% მიიღო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს მონაცემები ბიულეტენების 93,35%-ის შეჯამებას ეფუძნება.
7 თებერვალს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ 6 კანდიდატი მონაწილეობდა. ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, მათგან ყველაზე მეტი ხმა, 2,19%, მიიღო აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა ზაჰიდ ორუჯმა.
საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობა 76,73% იყო. ბაქომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, არჩევნები ჩაატარა მთიან ყარაბაღშიც.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს მთავარი ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტი“. მისი განცხადებით, არჩევნები ჩატარდა სრულიად არაკონკურენტულ გარემოში, თავისუფლების სრულად შეზღუდვის, შიშის, მუქარისა და ადმინისტრაციული ტერორის პირობებში, მისი შედეგები ხალხის ნებას ვერ გამოხატავს და შესაბამისად, არალეგიტიმურია.
ასევე ნახეთ არჩევნები აზერბაიჯანში - თავისუფალი მედიის, აქტივისტებისა და სიურპრიზების გარეშეაზერბაიჯანს პრეზიდენტი 2025 წელს უნდა აერჩია, თუმცა 2023 წლის დეკემბერში ილჰამ ალიევმა მიზეზის დაუსახელებლად გადაწყვიტა ვადამდელი არჩევნების ჩატარება 2024 წლის 7 თებერვალს. ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ კონტროლის სრულად აღდგენა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე.
მოგვიანებით, 2024 წლის 10 იანვარს, ალიევმა არჩევნების თარიღის შეცვლის სამი მიზეზი დაასახელა. მან ადგილობრივ ტელეარხებს განუცხადა, რომ ყარაბაღში გამარჯვებამ „ახალი ეპოქა“ მოიტანა, რაც ახალ არჩევნებს საჭიროებს, პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანში არჩევნები პირველად ჩატარდება ყარაბაღშიც და აღინიშნება თავისი მმართველობის მეოცე წლისთავიც.
62 წლის ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტია 2003 წლიდან. მან ეს თანამდებობა მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა. ოფიციალური შედეგებით, პირველ, 2003 წლის არჩევნებში, ილჰამ ალიევმა ხმების 79%-ზე მეტით გაიმარჯვა, 2008 წელს - 88%-ზე მეტით, მომდევნო ორ არჩევნებში კი - დაახლოებით 85 და 86%-ით.
ასევე ნახეთ ილჰამ ალიევის ვაჟი ოფიციალურ შეხვედრებზე - ის გააგრძელებს „ალიევების დინასტიას“?- აზერბაიჯანში პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევენ. ეს ცვლილება კონსტიტუციაში 2016 წლის რეფერენდუმის საფუძველზე შევიდა. მანამდე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იყო.
- აზერბაიჯანში წინა საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 11 აპრილს გაიმართა. თავდაპირველად ის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ალიევმა თარიღი კენჭისყრამდე თვით ადრე შეცვალა.
- ოპოზიცია ალიევს თავისუფლების ხელყოფაში, ავტორიტარიზმსა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებს.