იაპონიაში, საავარიო ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუშიმა-1-ზე", რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ამის შესახებ იტყობინება იაპონური ენერგეტიკული კომპანია Tokyo Electric Power (TEPCO).
ნიადაგი რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურდა. ამ დროისთვის უცნობია, შეაღწია თუ არა დაბინძურებულმა წყალმა ოკეანეში.
TEPCO-ს მონაცემებით, ცეზიუმისა და სტრონციუმისგან სითხის გამწმენდი მოწყობილობის მილიდან დაახლოებით 5,5 ტონა წყალმა გაჟონა.
მისი რადიოაქტივობა 22 მილიარდი ბეკერელია მაშინ, როცა მაქსიმალურად დასაშვები ნორმა 1500 ბეკერელს შეადგენს. წყლის უმეტესი ნაწილი ნიადაგმა შეიწოვა.
კომპანიამ ავარიის ადგილი აკრძალულ ზონად გამოაცხადა. იქ ნიადაგის ზედა ფენა უნდა მოიჭრას და გაიგზავნოს გადასამუშავებლად.
სადგურის ფარგლებს გარეთ, რადიაციის დონის მნიშვნელოვანი მატება არ აღრიცხულა.
2011 წლის მარტში ატომური ელექტროსადგური "ფუკუშიმა-1" დაზიანდა ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად. აფეთქებები იყო სამ ენერგობლოკზე, მოხდა რადიოაქტიური ნივთიერებების ჰაერში გავრცელება. ბირთვული მოვლენების საერთაშორისო ნორმის მიხედვით, ავარიას მიანიჭეს უმაღლესი, მე-7 დონე. მიმდებარე ქალაქებისა და დაბების 300 000-ზე მეტი მკვიდრი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. მათ უკან დაბრუნების უფლება მხოლოდ 2022 წელს მისცეს. ავარიის შემდეგ სადგურზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ იაპონიამ ფუკუშიმის კატასტროფის ათი წლისთავი აღნიშნა