ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში პოლიტიკური სიმშვიდის აუცილებლობის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, უხეში რიტორიკა მთავრობის ინტერესებში არ შედის.
„ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებისთვის სჭირდება სიმშვიდე, მათ შორის, პოლიტიკური სიმშვიდე, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, ინსტიტუციონალიზაცია, სადაც გვაქვს ჩვენ სერიოზული ხარვეზები, როგორც თავადაც მოგეხსენებათ.
ეს ყველაფერი არის ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა. ჩვენ თავიდან ბოლომდე, სამთავრობო შემადგენლობა, ვიქნებით კონცენტრირებული იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებზე. თუ ამ ყველაფერში იქნება უზრუნველყოფილი ყველა პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის, ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობა, ეს იქნება ძალიან კარგი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხარვეზები არის უხეშობა პოლიტიკაში, უხეში რიტორიკა. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, ერთი სუბიექტური მიზეზის გამო (ქვეყნის ინტერესებშიც შედის, რა თქმა უნდა, ნაკლები უხეშობა პოლიტიკაში), როდესაც კონკრეტული პარტია იგებს არჩევნებს, ის სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა", - თქვა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი.
„გახსოვთ, როგორ დაიწყო პოლარიზაცია, რადიკალიზმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ეს იყო არჩევნების არცნობა. შემდეგ გახსოვთ, რა პროცესები განვითარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორი იყო რიტორიკა და ა.შ. დღეს არ მინდა ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრო, მინდა მაქსიმალურად აქცენტი გავაკეთო იმ გეგმებზე, რომლებიც მთავრობას აქვს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა გეთანხმებით, რომ მეტი კონსენსუსი, ნაკლები რადიკალიზმი აუცილებლად სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „თავისუფლების" წევრის, როსტომ ჩხეიძის შეკითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ „რადიკალური ოპოზიცია" და „ქვეყნის მტრები" სინონიმები არ არის.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, უმაღლესი ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენასაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ 2 თებერვალს პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი, იცვლება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანია.
პარლამენტი 8 თებერვალს უყრის კენჭს მთავრობის შემადგენლობას.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე - 10 ეპიზოდი ახალი პრემიერის პოლიტიკური ცხოვრებიდან