რიჟვაძე: აჭარაში სტიქიის გამო 90-ზე მეტი ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, 6 თებერვალს მაღალმთიან აჭარაში განვითარებული სტიქიის გამო 90-ზე მეტი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში რიჟვაძე აღნიშნავს, რომ მასშტაბური სტიქიის შედეგად მეწყრული პროცესები არაერთ მონაკვეთზე განვითარდა.

"ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს", - წერს თორნიკე რიჟვაძე და უსამძიმრებს ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს.

დღეს, 6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფელ ზემო თხილვანაში დილით ჩამოწოლილმა ზვავმა საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. დაიღუპა 63 წლის ქალი. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა.

ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. მეწყერია სოფლების ხიხაძირის, ღორჯომის, ელელიძეებისა და განახლების გზებზე. მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მეწყრული პროცესები განვითარდა ქედის მუნიციპალიტეტშიც. მეწყერს სოფელ წონიარისში, საკუთარ სახლში, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია ქედის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძე.

სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ტექნიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური ნალექით გამოწვეული მეწყრის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის დოლოგანი-ხულოს მონაკვეთზე.

ასევე ნახეთ სამეგრელოში ძლიერმა ქარმა ათობით სახლს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა