ირკუტსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაიღუპა პატიმარი, რომელიც ადრე საპყრობილეში აწამეს

არქივის ფოტო: ანგარსკის კოლონიაში მომხდარი ამბოხი

რუსეთში, ირკუტსკის წინასწარი დაკავების ცენტრში, გარდაიცვალა პატიმარი ტახირჯონ ბაკიევი, რომელიც ადრე დაზარალებულად გამოდიოდა ირკუტსკის კოლონიის სამი თანამშრომლის მიერ ექვსი პატიმრის წამების საქმეში.

მისი გარდაცვალების შესახებ უფლებადამცველებმა განაცხადეს ტელეგრამის არხ „ზაპრავკა 38-ში". მათივე ინფორმაციით, ბაკიევმა თავი მოიკლა.

ტელეგრამის არხმა გამოაქვეყნა ბოლო წერილის ასლი, რომელიც ბაკიევმა წინასწარი დაკავების ცენტრიდან გაგზავნა. მასში პატიმარი ითხოვს ყურადღების მიქცევას იმ წამებაზე, რომელიც მას მიაყენეს. წერილი მთავრდება სიტყვებით: "გთხოვთ დამეხმაროთ, მე უკვე ვეღარ ვუძლებ. არ მინდა აქ მოვკვდე იმ ფორმულირებით, თითქოს მე თავად ჩავიდინე“.

6 თებერვალს ბაკიევის დამ ნარგიზმა „სიბირ.რეალიის“ მისი სიკვდილის ფაქტი დაუდასტურა. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ნარგიზს დაურეკეს და სთხოვეს, მისულიყო და თავისი ძმის ცხედარი წაეღო. საზოგადოება „ბაიკალის ხალხი" წერს, რომ ფედერალური პენიტენციური სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში 4 თებერვალს თვითმკვლელობა მოხდა, მაგრამ გარდაცვლილის ვინაობა არ დაუსახელებია.

ბაკიევს 2019 წელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იარაღის ქურდობის მუხლით. თავდაპირველად ის სასჯელს იხდიდა ანგარსკის IK-15 საპყრობილეში. 2021 წელს კოლონიის თანამშრომლების ბრძანებით, ის სასტიკად აწამეს. მათ ბაკიევი სცემეს და იატაკის საწმენდი ჯოხით გააუპატიურეს, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას.

ასევე ნახეთ

გაუპატიურებისა და წამების 40 გიგაბაიტი ვიდეო რუსეთის ციხეებიდან


გასული წლის იანვარში ბაკიევმა გაეროს, წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტსა და რუსეთის უფლებადამცველებს მიმართა, ციხის თანამშრომელთა მხრიდან მუქარებისგან დაცვის თხოვნით.