რუსეთის ჯარები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის დაპყრობასა და მდინარე ოსკოლ-შევცოვის მარცხენა სანაპიროს საზღვრამდე გასვლას ცდილობენ - ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში განაცხადა უკრაინის გვარდიის მოიერიშე ბრიგადის ("ფოლადის სალტის") პრესსამსახურის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივან შევცოვმა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებაზე რუსი სამხედროები ცდილობენ, აღადგინონ ის დიდი დანაკარგი, რომელსაც, ფაქტობრივად, ყოველდღე განიცდიან.
„თითქმის ყოველდღე კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით რუსეთის ფედერაცია კარგავს 200-დან 300-მდე სამხედრო მოსამსახურეს და დაახლოებით 20 ერთეულ სამხედრო ტექნიკას", - განაცხადა შევცოვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ექვსი თვის განმავლობაში ცდილობს ლიმანი-კუპიანსკის მიმართულების ამ ნაწილის ხელში ჩაგდებას. იმის გამო, რომ ხარკოვის რეგიონის სასაზღვრო დასახლებები ყოველდღიურად არტილერიით იბომბება, შევცოვის აზრით, უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია.
გასული წლის დეკემბერში, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის არმიამ მიიღო დავალება, რომ ავდეევკა და კუპიანსკი ხელთ იგდოს რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.