დიდთოვლობამ ზვავი და მეწყერი გამოიწვია აჭარაში - არის მსხვერპლი

დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი.

ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფელ ზემო თხილვანაში დილით ჩამოწოლილმა ზვავმა საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. დაიღუპა 63 წლის ქალი. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელი თოვის შემდეგ, დილიდან გადაუღებლად წვიმს, რაც ბერიძის თქმით, კიდევ უფრო ართულებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს. მერი მოსახლეობას მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან, რადგან წვიმა ზრდის ზვავისა და მეწყრის საშიშროებას.

ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. მეწყერია სოფლების ხიხაძირის, ღორჯომის, ელელიძეებისა და განახლების გზებზე. მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მეწყრული პროცესები განვითარდა ქედის მუნიციპალიტეტშიც. მეწყერმა სოფელ წონიარისში მოიყოლა სახლი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია ქედის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძე.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გარდაცვლილის ოჯახმა მეწყერსაშიში ზონიდან განსახლების პროგრამით ოთხი წლის წინ ისარგებლა და შესაბამისი კომპენსაცია მიიღო, ამიტომ, გაურკვეველია, რატომ იმყოფებოდა ამ სახლში.

ასევე ნახეთ სამეგრელოში ძლიერმა ქარმა ათობით სახლს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა

აჭარაში, სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ტექნიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური ნალექით გამოწვეული მეწყრის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის დოლოგანი-ხულოს მონაკვეთზე.

6 თებერვალს ძლიერმა თოვამ, წვიმამ და ქარიშხალმა სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიც დააზარალა.