ლუკაშენკამ სამხედროებს ნება დართო, იარაღი გამოიყენონ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ

ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წესდებებში შეიტანა შესწორებები, რომელთა თანახმადაც, სამხედროებს უფლება ეძლევათ, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გამოიყენონ "ცეცხლსასროლი იარაღი, საგანგებო საშუალებები, საომარი და სპეციალური ტექნიკა, მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისას".

სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება ნებადართულია მათი მხრიდან ადმინისტრაციული დარღვევების ჩადენის შემთხვევებშიც.

ლუკაშენკას მიერ შეტანილ შესწორებებში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო მოსამსახურეს "არ ეკისრება პასუხისმგებლობა ზიანზე", რომელიც გამოწვეული იქნება სროლის შედეგად, თუკი ეს "მოხდა საერთო სამხედრო წესდების შესაბამისად".

მანამდე ლუკაშენკამ ხელი მოაწერა შესწორებებს "სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების შესახებ" კანონში, რომელთა თანახმადაც, სპეცსამსახურების თანამშრომლებს უფლება აქვთ, იარაღი გამოიყენონ ქალების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინააღმდეგ, "მათ მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის, შეიარაღებული და ჯგუფური თავდასხმის და ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი სხვა მოქმედებების განხორციელების შემთხვევებში".

ბელარუსში რეპრესიული ატმოსფერო გაღრმავდა მას მერე, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა.