ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, რომელსაც პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები აკონტროლებენ, მიღწეულია შეთანხმება უკრაინის და ისრაელის დახმარებისა და სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. ორპარტიული შეთანხმების ტექსტი სენატის საიტზე 4 თებერვალს გამოქვეყნდა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა სენატში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმაც. მან შეთანხმებულ პროექტს რესპუბლიკელებისთვის მომგებიანი უწოდა. დემოკრატების უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ვარაუდობს, რომ პირველი კენჭისყრა ამ კვირის ოთხშაბათს გაიმართება. კანონპროექტს თანხმობა სჭირდება კონგრესის ქვედა, წარომადგენელთა პალატისგანაც, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
ფინანსური პაკეტი 118 მილიარდ დოლარს აღემატება. ამ თანხიდან 60 მილიარდზე მეტი განკუთვნილია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის, 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასისთვის და 20 მილიარდზე მეტი შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებისა და მიგრაციის პოლიტიკის გადახედვისთვის. ფინანსური პაკეტით, 2 მილიარდ დოლარზე მეტი გათვალისწინებულია წითელ ზღვაში აშშ-ის ოპერაციისთვის იემენელი მეამბოხეების წინააღმდეგ და თითქმის 5 მილიარდი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეერთებული შტატების პარტნიორების(ტაივანი) დასახმარებლად.
სავარაუდოა, რომ კანონპროექტს წინააღმდეგობა შეხვდება წარმომადგენელთა პალატაში. ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონსერვატორი რესპუბლიკელები მექსიკასთან საზღვარზე ზომების უკიდურესად გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ და დემოკრატების წინადადებებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სენატში განხილულ კომპრომისულ ვარიანტს მკვდრადშობილი უწოდა. დოკუმენტის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატა დონალდ ტრამპმაც, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, იქნება რესპუბლიკელების კანდიდატი.
ასევე ნახეთ ზელენსკი: კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ პუტინს შთააგონებს4 თებერვალს, სენატში ორპარტიული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეთანხმება მოიცავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მკაცრ და სამართლიან სასაზღვრო რეფორმებს და ორ სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტსაც - უკრაინის თავისუფლების დაცვას და რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერას და ისრაელის დახმარებას საშუალებებით, რომლებიც სჭირდება ქვეყნის და ხალხის დასაცავად ჰამასის ტერორისტებისგან.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაუჭიროს მხარი ორპარტიულ შეთანხმებას.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად თანხები ამოწურული აქვს, კონგრესისგან 2023 წლის ოქტომბრიდან ითხოვს ახალი ფინანსური პაკეტის მიღებას. წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის ნოემბერში დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა ამ პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში.
2024 წლის 3 თებერვალს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გაიმართება კენჭისყრა კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ისრაელისთვის 17,5 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევას. პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ უკრაინის დახმარების გარეშე ისრაელის მხარდამჭერი პაკეტის მიღებას ეწინააღმდეგება.