რუსეთის თქმით, მის ხელში მყოფ ლისიჩანსკზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28-ს მიაღწია, მათ შორისაა ერთი ბავშვი

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ლისიჩანსკში. 3 თებერვალი, 2024.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თქმით, ლისიჩანსკში საცხობის შენობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 3 თებერვალს განხორციელებული დარტყმის შედეგად დაინგრა.

იერიშს ემსხვერპლა 28 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორისაა ერთი ბავშვი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

რუსული მხარის თანახმად, ლისიჩანსკზე უკრაინის ჯარებმა აშშ-ის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ით განახორციელეს დარტყმა. უკრაინის ხელისუფლება ლისიჩანსკზე იერიშის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

როგორც BBC იტყობინება, სამაშველო ოპერაცია მთელ ღამეს მიმდინარეობდა. 4 თებერვალი „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ დაღუპულთა გამო გლოვის დღედაა გამოცხადებული.

ლისიჩანსკი ფრონტის ხაზის მახლობლად მდებარეობს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ქალაქში 111 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. რუსეთის ჯარმა 2022 წლის ზაფხულში დაამყარა მასზე კონტროლი.