თბილისში გამოსახლებების წინააღმდეგ მსვლელობა ჩატარდა

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ”; “არ გამოვასახლებინოთ”; “სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ”.

ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა თბილისში ჩატარებულ აქციაში, რომლის მონაწილეებიც უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვდნენ.

მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ”; “არ გამოვასახლებინოთ”; “სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ”.

„ჩვენ ვნახეთ გამოსახლება, რომელიც აბსოლუტური ღირსების შემლახველი ფორმებით ხდებოდა. ამის სტანდარტები არსებობს და ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტმა ამაზე იმუშაოს, რათა უფრო სტაბილური, ღირსეული და თანასწორი პირობები შექმნას ადამიანების განვითარებისთვის”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ვახუშტი მენაბდემ.

ასევე ნახეთ გამოსახლება ყველაზე ცივ დილას - როგორია საქართველოში გამოსახლების პოლიტიკა

აქციაში მონაწილეობდნენ კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია, რომლებიც 3 თებერვალს გაათავისუფლეს 3000-3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მარშში მონაწილეობდნენ ასევე ჭიათურელი მაღაროელები და მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის".

აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა პრობლემაზეც ილაპარაკეს, მათ შორის სკოლებში უფასო კვების საჭიროებაზე, სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობასა და საპენსიო სესხების ჩამოწერაზე.