საქართველოს პროკურატურამ 4 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების შედეგად 7 პირი დააკავა ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების მოწყობის ბრალდებით.
პროკურატორის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. შემდეგ კი ამ ფულისათვის კანონიერი სახის მისაცემად, თანხები მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართეს, მათ შორის შეიძინეს უძრავი ქონება.
ასევე ნახეთ პროკურატურა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისში, რამდენიმე ადგილას ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს„ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ“, - აცხადებს პროკურატურა.
დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და ფულის გათეთრება ჰბრალდებათ, რაც სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ რა წერია და რა რეაქციები მოჰყვა თაღლითურ სქემებზე BBC-ის გამოძიებასპროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა. პროკურატურა ასევე სასამართლოს მიმართავს „დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჩამოსართმევად.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები თბილისში აქამდეც არაერთხელ ჩატარებულა. თაღლითურ სქემაში მონაწილეობის გამო დაკავებულია არაერთი ადამიანი.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქოლცენტრები საქართველოში წინა მთავრობის წარმომადგენლებს აქვთ, ოპოზიცია კი მთავრობის მოქმედი წევრების ჩართულობაზე საუბრობს.