ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საავტორო უფლებათა ასოციაციაში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, კერძოდ, ოფისიდან ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.
უწყების განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიგა კობალაძე ამბობს, რომ ორშაბათს, 5 თებერვალს გამოკითხვაზეა დაბარებული. მისივე მტკიცებით, მის ასოციაციაში ფინანსური დარღვევები ვერ იქნება და "ესაა გამოგონილი ამბავი".
გიგა კობალაძე ამ საქმეზე დაწყებულ გამოძიებას "ბინძურ კამპანიას" უწოდებს, რაც მისივე თქმით, მათ ჩამოშორებას ისახავს მიზნად. იგი აღნიშნავს, რომ ასოციაციაში ფინანსური პოლიცია მას შემდეგ შევიდა, რაც 2023 წლის ბოლოს ასოციაცია "გერამ" აკრედიტაცია მიიღო.
"ეს არის ერთ-ერთი მეთოდი და ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ საერთოდ ჩამოგვიშორონ იმ ბრძოლაში, რაც ბოლო 5 წელია მიმდინარეობს ჩვენ და პირადად, ჩემ მიმართ. დღესდღეობით, რუსეთმა გაიფორმა ქართული საავტორო უფლებები და შესაბამისად ქართული კულტურა. 30 დეკემბერს მათ მიიღეს აკრედიტაცია და დაიწყეს საქმიანობა. ამით არ კმაყოფილდებიან და უნდათ მოსუფთავებული ველი ჰქონდეთ", - ამბობს ის.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით 2023 წლის მაისში, რამდენიმე ავტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
Your browser doesn’t support HTML5