ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილმა გადადგომა თვითონ მოისურვა

ირაკლი ღარიბაშვილი (მარცხნივ) და ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ მან უთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც "ქართული ოცნების" მერვე ყრილობას აშუქებენ.

ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მოიტყუა, როცა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა.

"რა უნდა დავუწუნო - მშვენიერი კაცია. არ მომისურვებია, თვითონ მოისურვა", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრის დროს.

გასული წლის ბოლოს, 30 დეკემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს. ის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება.

მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ შეიცვლებოდა. ერთი თვის შემდეგ, 29 იანვარს კი, ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა. უფრო ადრე, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე კი ინფორმაცია დაადასტურა "იმედმაც".