ირაკლი კობახიძე "ქართულმა ოცნებამ" პრემიერობის კანდიდატად დაასახელა

პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დასახელდა.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა.

პარტიის წესდების მიხედვით, კანდიდატი საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, წარუდგინა პოლიტსაბჭოს, რომელიც ამ შეთავაზებას დაეთანხმა.

"პირველ რიგში, მინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს", - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე - 10 ეპიზოდი ახალი პრემიერის პოლიტიკური ცხოვრებიდან

ირაკლი კობახიძე ამ დრომდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო. ამ პოსტზე ის ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა. უფრო ადრე, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე კი ინფორმაცია დაადასტურა "იმედმაც".

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა

30 დეკემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს. ის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება.