ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ შეამცირა - 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირების შემდეგ განაკვეთი 9%-ს შეადგენს. საკითხზე მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე დღეს, 31 იანვარს, იმსჯელეს.
ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება დაბალი ინფლაციით ახსნა.
"ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა. ეს საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს", - აცხადებს ეროვნული ბანკი.
შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება გადასახდელ თანხაში. ბანკში ხელშეკრულების განახლება არ არის საჭირო.
ასევე ნახეთ ველოდოთ ლარში აღებული სესხების გაიაფებას?რეფინანსირების განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკებისთვის გაცემულ სესხზე აწესებს. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემთხვევაში, ლარში გაცემული სესხები იაფდება, ზრდის შემთხვევაში კი - ძვირდება.
როცა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ქვეყანაში სესხები ძვირდება, რაც საბოლოოდ ამცირებს სესხებზე მოთხოვნას. შედარებით დაბალი მოთხოვნა კი, თავის მხრივ, ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს. საქართველოში მონეტარული პოლიტიკა მიზნობრივი ინფლაციის რეჟიმთან უნდა იყოს თანხვედრაში.
- 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბანკებს 52,65 მილიარდი ლარი აქვთ გასესხებული. ეროვნული ბანკის თანახმად, მხოლოდ დეკემბერში ბანკებმა 1,46 მილიარდი ლარი გაასესხეს. ჯამში სესხების მოცულობა 2023 წლის დეკემბრის ბოლოს 52,65 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
- გაცემული სესხების თითქმის 55 პროცენტი ლარშია, დანარჩენი 45 კი უცხოურ ვალუტაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.