პირველმა 18-მეტრიანმა ავტობუსმა თბილისში მოძრაობა დაიწყო

ახალი ავტობუსები მხოლოდ ერთ ხაზზე მოძრაობს.

31 იანვარს, დილიდან, თბილისში 18-მეტრიანმა ავტობუსმა დაიწყო მოძრაობა. დედაქალაქის მერიამ ახალი ავტობუსები ჯერ მხოლოდ ერთ ხაზზე გაუშვა.

N302 ხაზზე 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანით შეიცვალა. ხაზზე გაშვებული ავტობუსების რაოდენობა (9) არ გაზრდილა.

დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან გამოსული ავტობუსი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მიდის. ის გაივლის:

  • დიდ დიღომში რამდენიმე ქუჩას;
  • დავით აღმაშენებლის ხეივანს;
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს;
  • ჟვანიას მოედანს;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირს;
  • მეტროსადგურებს: "სამედიცინო უნივერსიტეტი"; "დელისი", "ვაჟა-ფშაველა", "სახელმწიფო უნივერსიტეტი";
  • ბაგების საბაგიროს.

2023 წლის 22 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ახალი ავტობუსები 2024 წლის იანვრის ბოლოდან ივლიდნენ ხაზებზე.

ახალი ავტობუსების გაშვება იგეგმება კიდევ სამ ხაზზე:

  • N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
  • N308 (გლდანიდან ორბელიანის(კოლმეურნეობის) მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: "ახმეტელის თეატრი", "სარაჯიშვილი", "გურამიშვილი", "ღრმაღელე", "დიდუბე", "წერეთელი", "მარჯანიშვილი", "რუსთაველი", "თავისუფლების მოედანი";
  • N314 (დიდი დიღმიდან ორბელიანის(კოლმეურნეობის) მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.

ავტობუსების მახასიათებლები:

  • ავტობუსების რაოდენობა - 160;
  • ერთეულის ფასი - 1 618 759 ლარი;
  • მწარმოებელი - MAN-ი;
  • მოდელი - MAN Lion's City 18C;
  • გამძლეობა - 12 წელი და 1 020 000 კმ;
  • გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
  • სიგრძე - 18,06 მეტრი;
  • სიგანე - 2,55 მეტრი;
  • სიმაღლე - 3,34 მეტრი;
  • კარების რაოდენობა - 4 (შიდა გაღების, ორფრთიანი);
  • იატაკი - მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
  • ტევადობა - 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, შშმ პირებისთვის 1 ეტლის ადგილი);
  • მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
  • შესაძლებლობა - შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
  • ფერი - დამკვეთთან შეთანხმებით სამ ფერში;
  • გათბობა-გაგრილება - ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გაღება;
  • ელექტრონული მოწყობილობები - WiFi (2 SIM სლოტი) 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, USB დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.

თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი ჯდება, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.

კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა 5 წლის წინ დადო, მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას.