"ფორმულაზე", სავარაუდოდ, გადაცემების ნაწილი იხურება

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ განცხადების გავრცელებას 31 იანვარს გეგმავენ.

ტელეკომპანია "ფორმულაზე", სავარაუდოდ, გასართობი გადაცემები დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი ია ფარულავა ავრცელებს და წერს, რომ მათ შორის მარტიდან ეთერში აღარ გავა არც მისი გადაცემა "მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად".

"გადაცემა “მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად" " ფორმულაზე" იქნება თებერვლის ბოლომდე. არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება. დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ "ია ფარულავას კონვერტზე" და შემდეგ ამ ახალ პროექტში, სადაც მაყურებელს უფრო მოვეწონე. დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელობას. წარამტებებს ვუსურვებ არხს და იცოდეთ არცერთი წუთით არ მწყდება გული რადგან ესეთია ეს ბიზნესი", - წერს ია ფარულავა ფეისბუკზე.

არხში მოსალოდნელ რეორგანიზაციასა და იმაზე, თუ კერძოდ რომელი გადაცემების დახურვაზეა საუბარი, რადიო თავისუფლებამ კითხვა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, ზუკა გუმბარიძეს დაუსვა. მან თქვა, რომ ამ თემებზე ხვალ, 31 იანვარს, განცხადების გავრცელებას გეგმავენ.

"ხვალ დილიდან გავაკეთებთ ყველაფერზე განცხადებას. ვუპასუხებთ კითხვებს", - უთხრა ზუკა გუმბარიძემ რადიო თავისუფლებას.