ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მართლაც აპირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გათავისუფლებას, სამშაბათს დაადასტურეს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის წყაროებმა.
როგორც გაზეთის პუბლიკაციაშია ნათქვამი, ორშაბათს ზელენსკიმ ზალუჟნის ახალი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ეს Financial Times-ს დაუდასტურა ოთხმა წყარომ, რომლებიც იცნობენ დისკუსიის დეტალებს.
ამასთან წყაროები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია ზალუჟნი და შესაძლოა ამ ნაბიჯზე არ წავიდეს გარკვეული ხნის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია მთავარსარდლის შესაძლო გადადგომის შესახებ.
ბრიტანული გაზეთის წყაროები ასევე აცხადებენ, რომ ზელენსკის ოფისში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ზალუჟნის გადაყენების შესახებ, რაც პრეზიდენტმა მთავარსარდალს ორშაბათს შეატყობინა.
Financial Times-ის თანახმად, ზელენსკიმ ზალუჟნის მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ გენერალმა მასზე უარი თქვა.
გამოცემის ავტორთა თქმით, კვლავაც არაა ცხადი, როდის მოხსნიან ზალუჟნის და ვინ შეცვლის მას. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობის კანდიდატთა შორის განიხილავენ უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალს, ოლექსანდრ სირსკის და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს, კირილო ბუდანოვს, ნათქვამია პუბლიკაციაში. ორივე ახლოსაა ზელენსკისთან, აღნიშნავენ სტატიის ავტორები.
ასევე იტყობინებიან, რომ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის ურთიერთობები კვლავაც დაძაბულია.
გაზეთი ვარაუდობს, რომ ზალუჟნის მოხსნა აღშფოთებას გამოიწვევს უკრაინის ოფიცრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში.
Financial Times-ს მოჰყავს ერთ-ერთი ექსპერტის, სამხედრო ისტორიკოს მიხაილო ჟიროხოვის სიტყვები, რომლის თანახმად, ასეთი ნაბიჯი „უკიდურესად უარყოფით გავლენას მოახდენს არმიაზე“.