უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების შეჩერება უკვე იგრძნობა ფრონტზე - ბლინკენი

იენს სტოლტენბერგი (მარცხნივ) და ენტონი ბლინკენი

უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებამ იმის გამო, რომ კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია ამ წლისთვის შესაბამისი თანხების გამოყოფა, უკვე გამოიწვია ბრძოლის ველზე გარკვეული შედეგები. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ბლინკენს არ დაუზუსტებია, თუ რა შედეგები ჰქონდა მხედველობაში. უკრაინის ფრონტიდან გავრცელებული ცნობებით, ბევრი მიმართულებით ინიციატივა ახლა რუსეთის ჯარების ხელშია. ისინი ავდეევკის, ბახმუტისა და კუპიანსკის მახლობელი ტერიტორიებისკენ მიიწევენ. თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარს არანაირი გარღვევის ან მნიშვნელოვანი ტაქტიკური წარმატებისთვის არ მიუღწევია.

მანამდე ამერიკულია მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონგრესის ლიდერებს შორის ბოლო შეხვედრაზე მყოფი აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ თუ დახმარება არ გამოიყო, უკრაინამ, შესაძლოა, უახლოეს თვეებში ან თუნდაც კვირებში სამხედრო მარცხი განიცადოს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, კერძოდ, სასწრაფოდ ესაჭიროებათ საბრძოლო მასალა საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

ასევე ნახეთ

"უკრაინა ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია" - ზელენსკი

უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ახლა ის "კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ შაბათს გავრცელებულ სატელევიზიო მიმართვაში.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასული თვის განმავლობაში უკრაინას კარგი დინამიკა ჰქონდა თავდაცვის პაკეტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას უფრო მეტი შეიარაღება ესაჭიროება.

რიგი ევროპული ქვეყნები აგრძელებენ უკრაინის მომარაგებას იარაღით და სხვა დახმარებით, მაგრამ შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე, მისი მოცულობა მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს. "თუ შეერთებული შტატები არ შეასრულებს ჩვენს ვალდებულებებს, ევროპელებსა და სხვა ქვეყნებს გაუჭირდებათ გააგრძელონ ის, რასაც უკვე აკეთებენ", - თქვა ბლინკენმა.

კონგრესის რესპუბლიკელი კანონმდებლები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისათვის მოთხოვნილი 61 მილიონი დოლარის დახმარების დამტკიცებას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირებენ. ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული კომპრომისული ვარიანტები რესპუბლიკელებისთვის ჯერჯერობით მიუღებელია. აშშ-ში მყოფმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების საკითხზე კონგრესის წევრებთან მოლაპარაკებებს გამართავს.