საქართველოში წითელათი ინფიცირების შემთხვევების მატებას მოელიან. ამის შესახებ ილაპარაკა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, შემცირებულია ვაქცინირებული ბავშვების წილი, რაც წითელას გავრცელების რისკს ქმნის. მყარი იმუნიტეტის შესაქმნელად საჭიროა ორი ინიექციის გაკეთება, ერთი და ხუთი წლის ასაკში.
ჩხაიძემ მედიაცენტრ "მთავარში" აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიამდე ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი ერთ წლამდე ბავშვებში 100 პროცენტი იყო, 5 წლის ასაკში კი - 97%. უახლესი მონაცემებით, ერთ წლამდე ბავშვების მხოლოდ 94 პროცენტს აქვს გაკეთებული ვაქცინის პირველი დოზა, 5 წლის ასაკში კი - 88%-ს.
"88% ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათასობით ბავშვი აუცრელია, რაც შემთხვევების მატებას, რა თქმა უნდა, გამოიწვევს", - აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ევროპის 56-დან 40 ქვეყანაში, ჯანმოს კლასიფიკაციით, დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისია, თუმცა ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.
"მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებს არ ეხება. 2023 წელს მთელი წლის განმავლობაში 26 შემთხვევა გვქონდა. 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევა გვაქვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მატებაა", - აცხადებს ჩხაიძე.
შემთხვევების უმრავლესობა მოდის თბილისში მცხოვრებ 20-დან 40 წლამდე ადამიანებზე. საქართველოში წითელათი ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად იყო გაზრდილი 2018 წელს, როცა წლიურად 300-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ასევე ნახეთ ბატონები და დეზინფორმაცია ასევე ნახეთ წითელა - მოკლედ ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ასევე ნახეთ წითელასთან ბრძოლა აცრით