საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ტელეკომპანია POS TV-ის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა გასაუბრებაზე მისული ანანია გაჩეჩილაძე სექსუალურად შეავიწროვა. გადაწყვეტილება გაჩეჩილაძეს 29 იანვარს ჩაბარდა.
"შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალებისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, აფასებდა მის გარეგნობას უარყოფით თუ სექსუალურ კონტექსტში, აგრეთვე ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას", - წერია დასკვნაში.
ომბუდსმენის აპარატი განმარტავს, რომ საქმე მნიშვნელოვანი და პრეცედენტულია, რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა. ქალის უფლებებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შალვა რამიშვილს, რათა "მომავალში, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, აგრეთვე, დაავალა, რომ რეკომენდაციის შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე აცნობოს 20 დღის ვადაში".
დოკუმენტში ასევე წერია, რომ სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა აპარატთან.
მასალა არქივიდან ქალები შალვა რამიშვილის წინააღმდეგ - POSTV-ის დირექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენშალვა რამიშვილი სახალხო დამცველის ამ გადაწყვეტილებას მიკერძოებულს უწოდებს.
"სისულელეა ეგ ყველაფერი. ზომების მიღება დამავალა. რაღაც ზომები რომ მივიღო, არ გავაკეთო ის, რაც არ გამიკეთებია ისედაც. სასაცილოა, სატირალიც რომ არ იყოს. ცალმხრივად და მიკერძოებულად განიხილა... [არ ვითანამშრომლე, რადგან] მე გამოვდივარ უაზრო როლში, სპილო რომ არ ვარ, უნდა ვამტკიცო. ყველა ეს ადამიანი ჩიოდა სისხლის სამართლის წესით, ციხეში წასვლას მიქადდა, მაგრამ რით დამთავრდა, ხედავთ", - უთხრა შალვა რამიშვილმა რადიო თავისუფლებას.
2020 წლის 25 მარტს ტელეკომპანია "ფორმულის" გადაცემა "შაბათის ფორმულამ" გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის თანახმად, ასახავდა შალვა რამიშვილის მიერ კიდევ ერთი ქალის, ანანია გაჩეჩილაძის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას.
"ფორმულის" თანახმად, ჩანაწერი "POSTV-ის" ოფისში, შალვა რამიშვილის კაბინეტში 2018 წელსაა გაკეთებული, იმ დროს, როცა ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად იყო დაბარებული. "შაბათის ფორმულის" მიხედვით, ჩანაწერი დაახლოებით 2-საათიანია, შეიცავს მძიმედ მოსასმენ ეპიზოდებს, რის გამოც მას სრულად არ ასაჯაროებენ, ამასთან, მზად არიან ჩანაწერი სამართალდამცავ უწყებებს გადასცენ. ტელეკომპანიასთან სატელეფონო კომენტარში ანანია გაჩეჩილაძემ ჩანაწერის ავთენტიკურობა დაადასტურა.