საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ.
"რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, მე ამას დაგიდასტურებთ, ოღონდ უნდა ვთქვა, ეს იქნება პასუხისმგებლობიანი წინადადება. ბატონმა ირაკლიმაც [ღარიბაშვილი] შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, იმიტომ რომ ეს ფორმალობა რეალურ ასპექტში, რეალურ ცხოვრებაშიც დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც, პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი, ამის შემდეგ უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობამოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 28 იანვარს, გაავრცელა "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, დღეს დილით კი - ტელეკომპანია "იმედმა".