უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ინდოეთი ცდილობს, გაემიჯნოს იარაღის უმსხვილეს მიმწოდებელს, მოსკოვს და ნელ-ნელა დასავლეთისკენ იხრება, - წერს Reuters-ი ინდოეთის ხელისუფლების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, ამ ტენდენციაზე ის ფაქტიც ახდენს გავლენას, რომ უკრაინაში ომის გამო შეზღუდულია თავად რუსეთის შესაძლებლობა, მიაწოდოს ინდოეთს საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, ხოლო შეერთებული შტატები ამჟამად ცდილობს გააძლიეროს კავშირები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა შეაკავოს ჩინეთის მზარდი ძალა და ამავე დროს შეამციროს რუსეთზე ინდოეთის ტრადიციული დამოკიდებულება.
გასულ წელს ვაშინგტონმა ასევე მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომელიც კომპანია General Electric-ს საშუალებას აძლევს, აწარმოოს რეაქტიული ძრავები ინდოეთში ინდური გამანადგურებლებისთვის. ორი ქვეყანა გეგმავს, დააჩქაროს ტექნოლოგიური თანამშრომლობა და ერთობლივი წარმოება სხვადასხვა სფეროში - ჰაერში საბრძოლო შესაძლებლობებიდან დაზვერვამდე. ამასთან, შეშფოთებას იწვევს ჩინეთთან რუსეთის კავშირების შემდგომი განვითარება იმ ფონზე, როდესაც ინდოეთის და ჩინეთის ჯარები ჰიმალაის საზღვარზე კონფრონტაციაში არიან ჩართული. შესაბამისად, როგორც Reuters-ი წერს, ინდოეთმა კიდევ უფრო ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რათა არ უბიძგოს მოსკოვს პეკინთან კიდევ უფრო დიდი დაახლოებისკენ.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა უზრუნველყო ინდოეთის იარაღის შესყიდვების 65%, რაც ჯამში 60 მილიარდ დოლარზე მეტია. მაგრამ უკრაინაში ომმა დამატებითი სტიმული მისცა ინდოეთის სამხედრო სეგმენტის დივერსიფიკაციას.
ასევე ნახეთ რა არის „ბრიკსი“ და რატომაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გგონიათ?