იემენში ჰუთის მომხრე მეამბოხეთა ძალებმა 26 იანვარს გააძლიერეს თავდასხმები წითელ ზღვაში და დარტყმა მიაყენეს საწვავის ტანკერს, რომელიც სავაჭრო კომპანია Trafigura-ს სახელით მოქმედებს.
ტანკერზე შედეგად გაჩნდა ხანძარი. კომპანია Trafigura იტყობინება, რომ ტანკერ Marlin Luanda-ს რაკეტა მოხვდა წითელ ზღვაში გადაადგილებისას. მისი ინფორმაციით, ამოქმედდა სახანძრო დანადგარი ცეცხლის ჩასაქრობად, რომელიც გაჩნდა ერთ-ერთ სატრანსპორტო ცისტერნაში მარჯვენა მხარეს.
ამავე ცნობით, რეგიონში იმყოფებიან სამხედრო ხომალდები დახმარების გასაწევად.
ბრიტანეთის საზღვაო-სავაჭრო ოპერაციების სააგენტოს (UKMTO) და კომპანია Ambrey-ს თანახმად, რომლებიც ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებით არიან დაკავებული, 26 იანვარს ასევე გამოაცხადეს, რომ იემენის ქალაქ ადენის მახლობლად, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების და ხანძრის გაჩენის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ჰუთის მიმდევართა სამხედრო წარმომადგენელმა 26 იანვარს განაცხადა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს ოპერაცია „ბრიტანული“ ტანკერის Marlin Luanda-ს წინააღმდეგ, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი.
Ambrey იტყობინებოდა, რომ ადენიდან 89 კილომეტრში სავაჭრო ხომალდს მოხვდა რაკეტა, თუმცა ეკიპაჟი არ დაშავებულა. 26 იანვარს UKMTO იტყობინებოდა სხვა თავდასხმების შესახებ. ჰუთის მიმდევრებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს და რომლებიც იემენის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ არეალებს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ დრონებით და რაკეტების დახმარებით არაერთ ხომალდზე მიიტანეს იერიში. ისინი აცხადებენ, რომ ეს არის ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის საპასუხო მოქმედება.
ჰუთის მიმდევართა მოქმედებამ მკვეთრად გააუარესა საზღვაო მიმოსვლა წითელ ზღვაში. ბევრი კომპანია იძულებულია, უფრო შორი და ძვირად ღირებული გზებით გადაიტანოს საწვავი.
აშშ-ის და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებმა, ხომალდებმა და წყალქვეშა ნავებმა არაერთი დარტყმა მიაყენეს ჰუთის მიმდევართა ძალებს იემენში, როგორც საპასუხო ნაბიჯი.