მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) გადაწყვიტა, რომ ისრაელმა უნდა „მიიღოს ყველა ზომა, რაც შეუძლია“, რათა თავიდან აიცილოს პალესტინელთა გენოციდი და მიიღოს სასწრაფო ზომები ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
26 იანვარს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაში, გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებმა არ დაავალეს ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვიტა, როგორც ამას სამხრეთი აფრიკა ითხოვდა. თუმცა სასამართლომ მხარი დაუჭირა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნების უმეტეს ნაწილს.
სამხრეთი აფრიკა სასამართლოს სთხოვდა, მიეღო დროებითი ზომა, რომელიც ისრაელს დაავალდებულებდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ღაზის წინააღმდეგ, რომელიც წამოიწყო ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ.
1200 ისრაელელი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს 7 ოქტომბერს ჰამასის წევრებმა და აიყვანეს 250-მდე მძევალი, რომელთაგან დაახლოებით 129 ჯერ კიდევ ტყვედ ჰყავთ.
საპასუხოდ ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა, რის შედეგადაც ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 26 000-ს აღწევს, მათ შორის უმრავლესობაა ქალები და ბავშვები. კიდევ 7000 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი და, სავარაუდოდ, მკვდარი. პალესტინის 2,3 მილიონი მოსახლის დაახლოებით 85% იძულებით გადაადგილებულია.
ისრაელი აცხადებს, რომ მისი მიზანია მძევლების გათავისუფლება და ჰამასის განადგურება. ის ითხოვდა, სასამართლოს საერთოდ არ მიეღო საქმე განსახილველად, რასაც სასამართლო არ დათანხმდა.
სამხრეთი აფრიკა მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას „გადამწყვეტი გამარჯვება“ უწოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, „ჩვენ გავაგრძელებთ საკუთარი თავის და ჩვენი მოქალაქეების დაცვას საერთაშორისო სამართლის დაცვით“.
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი ICJ-ის გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა: „Hague Shmague“.
ჰამასის მაღალჩინოსანმა Reuters-ს უთხრა, რომ ICJ-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს ისრაელის იზოლაციას და ღაზაში მისი დანაშაულების გამოვლენას.
ეს არაა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გენოციდის შესახებ და ამას შესაძლოა, 3-4 წელი დასჭირდეს.
გენოციდის კონვენცია გენოციდს განსაზღვრავს როგორც „აქტებს, რომლებიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით“. ის მიიღეს 1948 წლის ნაცისტური ჰოლოკოსტის დროს ებრაელების მასობრივი ხოცვის შემდეგ.