თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლება გადაიდო. რადიო თავისუფლებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში უთხრეს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო და მათ იხელმძღვანელეს კანონით მიცემული შესაძლებლობით.
თბილისის ცენტრში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზანდუკელის N2-ში მდებარე იტალიური ეზოდან დღეს, 26 იანვარს, დილით, აღსრულების პოლიციას უნდა გამოესახლებინა მრავალსულიანი ოჯახი.
"ოჯახში არიან შშმ პირები, მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალი", - ამბობენ მოძრაობა "ხმაში" - ორგანიზაციაში, რომელიც გამოსახლების წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებს.
პროცესის ხელშესაშლელად დილიდან ეზოში მოქალაქეთა ნაწილი შეიკრიბა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ აღსრულების პროცესი გადაიდო რამდენიმე თვით:
"მოლაპარაკებები გაგრძელდება და დამატებითი დრო მიეცემათ მხარეებს იმისთვის, რომ რაიმე შეთანხმება შედგეს".
ბიურომ გამოიყენა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 31-ე მუხლი. ამ მუხლით, თუ გამოსახლების ადგილზე განსაკუთრებული მდგომარეობაა შექმნილი და "არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს", მოვალის განცხადების საფუძველზე პროცესის გადადება შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვით.
ზანდუკელის N2-ში მდებარე ბინასთან დაკავშირებით საქმე აღსრულების ბიუროში 2018 წელს შევიდა და მოლაპარაკებები მას შემდეგ სოციალური მუშაკის ჩართულობით მიმდინარეობდა.
- აღსრულების პროცესი გადაიდო გუშინ, 25 იანვარს, თბილისში, დადიანის ქუჩაზეც. აღსრულების ბიურომ ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 31-ე მუხლით;
- 23 იანვარს კი, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით თბილისში, კეკელიძის N1-დან გამოასახლა ოჯახი. იმ დღეს 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი სისხლის სამართლის წესით.