ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რუსეთში მიწვევას აპირებს. ამის შესახებ ცეცხლაძემ გამოცემა Dalma News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„გარკვეული ძალები გარკვეული მოტივებით თბილისში რუსეთთან დაკავშირებულ თემებს ბლოკავენ. მაგალითად, ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქართული დიასპორის მსხვილ ღონისძიებებზე ჩამოდიოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. დიასპორის დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ქართული დიასპორის წარმომადგენლები ჩამოდიან. ჩვენ იმაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ ასეთ გრანდიოზულ შეხვედრაზე და ხვდებოდნენ თავიანთ თანამემამულეებს. წელს ჩვენ მოსაწვევს გავუგზავნით, მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ვიმედოვნებთ, ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება“, - განაცხადა მან.
რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მუშაობაზე საუბრისას მან თქვა, რომ მისმა მონაწილეებმა „შეძლეს საქართველოს ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა“.
„ჩვენ მოველით, რომ 2024 წელს ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება სრულად გამარტივდება. ეს სერიოზული პრობლემა და სატკივარია ეთნიკური ქართველებისთვის როგორც რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. ჩვენ შევძელით ამ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისთვის ხმის მიწვდენა, მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და იუსტიციის საბჭოს“, - განაცხადა მან.
ცეცხლაძის თქმით, „საქართველოს მთავრობა ისტერიკულ პოლიტიკას არ ეწევა“. მანვე დადებითაც შეაფასა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები. „ნებისმიერი ჯანსაღი ნაბიჯი, რომელიც არ უკავშირდება ანტირუსულ პროპაგანდას და რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პოლიტიკას, ძალიან ადეკვატურად მიიღება“, - დაამატა ცეცხლაძემ.
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს ბოლო სხდომები ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთში გაიმართა. სხდომებზე, კერძოდ, განიხილეს ცხინვალის გავლით სატრანზიტო გზის გახსნისა და ინგუშეთის გავლით რკინიგზის გაყვანის ინიციატივები.