"ჩვენ, არამარტო მე, შთაბეჭდილება არ დაგვრჩა, რომ მიზანი კოლექტივის შენარჩუნებაზე იყო. აქცენტი იყო იმაზე, რომ მოხდეს შენობის დემონტაჟი და ახლის აშენება... დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში თბილისი რჩება მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკის გარეშე. ვითხოვთ, ეს კოლექტივი შენარჩუნდეს", - ეუბნება რადიო თავისუფლებას რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან გოფოძე.
ამ კლინიკის თითქმის 40-წლიანი სტაჟის მქონე ექიმი კორონავირუსის პანდემიის დროს საავადმყოფოს დირექტორი იყო, ახლა კი სამინისტროს გადაწყვეტილებას თანამშრომლებთან ერთად აპროტესტებს.
ყველა მათგანმა მიიღო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თეა თავართქილაძის 23 იანვრის ბრძანება, რომელიც კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილების მეორე დღესვე გამოსცა. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა 5 თებერვლამდე უნდა აირჩიონ ოთხი შეთავაზებიდან ერთ-ერთი:
- დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებს 12-თვიან კომპენსაციას, თუ არ მუშაობს სხვა სამსახურში;
- დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებს 4-თვიან კომპენსაციას, თუ მუშაობს სხვაგან;
- თუ არ დაწერს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას, იმავე თანამდებობაზე დასაქმებას სთავაზობენ (მხოლოდ) ერთ რომელიმე სხვა კლინიკაში - ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებიდან 7 დღის ვადაში ასეთ ადამიანს გადაეცემა 4-თვიანი კომპენსაცია;
- თუ ვერ შესთავაზებენ რესპუბლიკურის მოქმედ თანამშრომელს მსგავს თანამდებობას სხვა კლინიკაში - იმდენი ხნის განმავლობაში (3 წლის ვადაში) მიიღებს ხელფასის ოდენობის კომპენსაციას, სანამ სხვა ორგანიზაციაში არ დასაქმდება.
ექიმები ამბობენ, რომ ამ ოთხი შეთავაზებიდან არცერთი მათ უპირობო დასაქმებას არ გულისხმობს. დამატებით იმის დასამტკიცებლად, რომ არ იღებენ ანაზღაურებას 2023 წლის 1 სექტემბრიდან არცერთი სხვა დაწესებულებიდან, ოფიციალური დოკუმენტი უნდა წარადგინონ შემოსავლების სამსახურიდან. კლინიკის არასამედიცინო პერსონალი არ მიიღებს სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შეთავაზებას.
კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ოთარიშვილი ამბობს, რომ ის და მისი კოლეგების უმრავლესობა უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროცესში არიან ჩართული. იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტებში მათი ლექციები მოიცავს სტუდენტებისთვის კლინიკაში პრაქტიკული კურსის გავლასაც, მისთვის სამსახურის დაკარგვა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ნიშნავს სამსახურის დაკარგვას უნივერსიტეტშიც.
"როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოზე მიბმულ მეორე სამსახურსაც ვკარგავ, ეს უნდა მეთვლებოდეს მეორე სამსახურად?! სამედიცინო უნივერსიტეტებმა გვკითხეს, რომ თუ ალტერნატიული სივრცე არ მოინახა, ხელშეკრულებას არ გაგვიგრძელებენ... თუ სტუდენტმა პაციენტი არ ნახა, როგორ სინჯავ არ დაინახა და არ ასწავლე [რა გამოვა?!]" - ეუბნება რადიო თავისუფლებას ოთარიშვილი.
ექიმებისთვის სამსახურის დატოვების სანაცვლოდ კომპენსაციის აღება მიუღებელია. ამბობენ, რომ არ დათანხმდებიან სამინისტროს ოთხი შეთავაზებიდან არცერთს. აპირებენ აქციები გააგრძელონ იმ დრომდე, სანამ არ შეიცვლება კლინიკების შენობების დანგრევის მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება და არ ჩართავენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
"მე რატომ უნდა ჩავიდო [ეს კომპენსაცია] უშრომელად?! რა თქმა უნდა, უარს ვამბობ! ეს შეურაცხყოფს ადამიანს. უამრავი გაჭირვებული ადამიანია, რომელიც ბიუჯეტში იხდის [შემოსავლის] 20% პროცენტს და ჩვენ უნდა ავიღოთ?! ეს არის ჩვენი დისკრედიტაციისკენ მიმართული, რომ "ფულზე გავიყიდეთ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქირურგმა კახა ხუციშვილმა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახლა სტაციონარში 70-ზე მეტი პაციენტია, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 10-ზე მეტი. კლინიკა არ გაჩერებულა, ექიმებმა კი არ იციან, როდემდე აქვთ პალატებში მუშაობის უფლება. რესპუბლიკურში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პაციენტები მაშინაც მიიყვანა, როცა ექიმები აქციას მართავდნენ.
ჯანდაცვის სამინისტრო არ იძლევა პასუხს, რას უპირებს ამჟამად კლინიკაში მყოფ პაციენტებს. უცნობია, როდიდან და რომელ კლინიკებში გადაანაწილებენ თუნდაც, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ პაციენტებს.
აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელსაც 50-წლიანი გამოცდილება აქვს, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღესაც სთავაზობს პაციენტებს ხარისხიან მომსახურებას.
კლინიკის ექიმები ხვალ, 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აპირებენ შეკრებას.