ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას ადვოკატი აღნიშნავს, რომ წერილობითი შეთანხმება რამდენიმე საათის წინ გააფორმეს და მასში აღსრულების ეროვნული ბიუროც იყო ჩართული.
"ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება", - ამბობს სუხიტაშვილი და პირობებზე ჰყვება:
- "თუკი [მარინა ხატიაშვილი] ერთი თვის ვადაში გადაიხდის 90 000 აშშ დოლარს, დარეჯან დვალი დაუბრუნებს მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას იმ პირობით, თუკი ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები შეწყვეტენ მოქმედებებს - ისინი მასმედიაში, სოციალურ ქსელებში, პირად მიმოწერაში შანტაჟით, მუქარით, ცილისწამებით, აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობენ ზეწოლას დვალზე;
- მეორე პირობაა, რომ მარინა ხატიაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა მისცენ უფლება დარეჯან დვალს, რომ ისარგებლოს უძრავი ქონებით".
შეთანხმებაზე ხელმოწერას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი. მისი თქმით, დოკუმენტი მხარეებმა 24 იანვრის საღამოს გააფორმეს, რომელშიც მისივე თქმით, ეწერა, რომ ერთი თვის განმავლობაში დარეჯან დვალი ქონებას არ გადაყიდის და რომ თანხის გადახდის შემდეგ იგი "აღარ დაემუქრება დვალს".
ხატიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მისი გამოსახლების ფონზე დაწყებულ საპროტესტო ტალღას ის ვერ შეაჩერებს.
"პირობები იყო, რომ ერთი თვის განმავლობაში ის [დარეჯან დვალი] ქონებას არ გადაყიდის, იქნება დალუქული. როგორც კი ფულს გადავუხდი, გადმოფორმდება, ოღონდ მე აღარ უნდა "დავაბულინგო:. ჯერ ერთი, როდის ვაბულინგებდი? თავს ვიცავდი... მუქარაზე ვუთხარი, არასოდეს არავინ დაგმუქრებიათ-მეთქი. არ ვიცი, მუქარაში რას გულისხმობენ...". ამასთან მარინა ხატიაშვილის თქმით "აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დაკავებულები არიან და პატიმრობა ემუქრებათ! სანამ მათ არ გაათავისუფლებენ როგორ წარმოუდგენიათ სიტუაციის თუნდაც ოდნავ განმუხტვა?!"
კითხვაზე, თუ რა იგულისხმა დარეჯან დვალის ადვოკატმა ერთი თვის განმავლობაში ქონებით სარგებლობის პირობაზე, მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და "გაარკვევს". მისი თქმით შეთანხმება ნოტარიულად ჯერ არ გაფორმებულა.
ხატიაშვილი იმასაც ამბობს, რომ გამოსახლებებზე მორატორიუმის მიღწევა კვლავ ამოცანად რჩება.
ასევე ნახეთ "მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია" - რას აპირებს გამოსახლებული ოჯახი23 იანვარს მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით თბილისში, კეკელიძის N1-დან გამოასახლა ოჯახი.
ასევე ნახეთ პოლიციამ კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავაროგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ, ხატიაშვილებმა "საქართველოს ბანკს" 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.
მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.
ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.
აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ გადადო ოჯახის გამოსახლების პროცესი.